შეწყალების საქმეთა კურატორის ქონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა
შეწყალების საქმეთა კურატორის ქონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა

A+ A-

13:06 24/09/2019

პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოს ჩვენებას მისცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილიც, რომელიც უშუალოდ კურირებს პატიმართა შეწყალებისა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხებს. მას სავარაუდოდ, მოუწევს 2019 წელს, მათ შორის სკანდალურ შეწყალებამდე ცოტა ხნით ადრე შეძენილი ქონებისა და ფინანსური შემოსავლების დასაბუთება, რადგან მისი ქონებრივი მდგომარეობა ბოლო პერიოდის მიხედვით საგრძნობლად გაუმჯობესდა -ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ანგი ხუციშვილის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 19 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე აიტვირთა. დეკლარაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის 32 წლის მაღალჩინოსანს 2019 წლის დასაწისში რამდენიმეათასიანი ქონება აქვს შეძენილი. კერძოდ, 43 ათასი ლარი აქვს გადახდილი სოფელ დიღომში „თეთრაანთ უბანში“ მდებარე ბინაში, რომლის 100 პროცენტიანი მესაკუთრე თავად გახლავთ. ამასთან, 2500 დოლარი დაუჯდა თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხის შეძენა.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია სახელფასო დანაზოგი - 17000 დოლარის და 35000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებამდე ანგი ხუციშვილმა 2017 წელს შეიძინა 380 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 662 კვ.მ მიწის ნაკვეთი ილურიძის ქუჩაზე. ანგი ხუციშვილის დედის, ნელი ღუდუშაურის სახელზეა რეგისტრირებული 2018 წელს ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის ღირებულებად 35 000 დოლარია მითითებული. ნელი ღუდუშაური 2013 წლიდან ასევე გახლავთ თანამესაკუთრე დაბა სტეფანწმინდაში მდებარე აგარაკის და მიწის ნაკვეთის. ანგი ხუციშვილის მამა, იმედა ხუციშვილი კი ფლობს 777 კვ.მ მიწის ნაკვეთს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში ანგი ხუციშვილს მითითებული არ აქვს თუ რა რაოდენობის ანაზღაურება მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის,სკანდალური შეწყალებების საქმეზე მთავარი მოწმე ანგი ხუციშვილი იქნება.  როგორც “2020NEWS”-გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს ანგი ხუციშვილი კურირებს,რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია.

“2020NEWS” შეეცადა ხუციშვილთან დაკავშირებას და შეწყალების საქმეზე  დეტალური ინფორმაციის გარკვევას, თუმცა  იგი სააგენტოს ზარებს არ პასუხობს.

შეგახენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მას შეწყალების სკანდალთან შეხება არ აქვს და სიაზე პასუხისმგებლობა  შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკისრება, რომელსაც ამ სიების შეტანა და გაფილტვრა ევალებოდა.