"პატრიარქი", "ბრილიანტი", "ნათლიმამა", "გვირგვინი", "ეპარქია", "დუმილის კანონი"... - როგორ ინათლებიან "კანონიერ ქურდებად"?
"პატრიარქი", "ბრილიანტი", "ნათლიმამა", "გვირგვინი", "ეპარქია", "დუმილის კანონი"... - როგორ ინათლებიან "კანონიერ ქურდებად"?

A+ A-

15:49 23/09/2019

გასული საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენს ქვეყანასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ფართოდ მოიკიდა ფეხი „ქურდულმა იდეოლოგიამ". მე-20 საუკუნის შუაში იგი უკვე მკაცრად ორგანიზებულ და საკმაოდ "ავტორიტეტულ" სტრუქტურად გვევლინება, თავისი იერარქიით და მკაცრად განსაზღვრული პრინციპებით. ჩვენს დროში რა თქმა უნდა, ქურდებს ყოფილი ავტორიტეტი არ გააჩნიათ, თუმცა ეს საკითხი დღესაც საკმაოდ აქტუალურია.

სსრკ-ის დროს იყო გამოთქმა: ქურდების დედა ოდესაა, მამა – ქუთაისიო...

იმ წყობიდან დღემდე - 300 "სული“ ქურდი მარტო ქუთაისის ანგარიშზე მოდის... ისინი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, საკმაოდ ცნობილი ავტორიტეტები გახლდნენ.

დღეს ხმამაღალ საუბარს "კანონიერი ქურდების“ წარმატებულ საქმიანობაზე ყველა - ახალგაზრდა თუ ხანშიშესული, ერიდება. თუ ადრე "კანონიერ ქურდებს“ "წილებში ჩაჯდომა“ დაუწერელი კანონით ეკრძალებოდათ, დღეს ისინი სამარშრუტო, ოქროს, ნარკოტიკების, იარაღისა და სხვა ბიზნესების გარდა, თვით მწვანილის ბიზნესის წილშიც კი "სხედან“... ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მემწვანილეებმა ითამაშეს და ერთმა მეორეს დიდი ფულიც მოუგო, "თავნის“ ჩაბარება დაგვიანდა და საქმის გასარჩევად ქურდთან ავიდნენ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ მწვანილშიც კი დიდი ფული კეთდებოდა და "კრიშად“ დაუდგა. ამგვარი წილებითა და "ბიზნესმენობით“ თანამედროვე "კანონიერი ქურდები“ დიდი ქონების მეპატრონეები გახდნენ. ზოგიერთი მათგანი თავისივე ფულის მსხვერპლი აღმოჩნდა.

 შევარდნაძის ხელისუფლების დროს "კანონიერ ქურდებს“ იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი უპირისპირდებოდა. ლეგენდები დადიოდა იმაზე, თუ როგორ შეკრიბა მან ქუთაისელი ქურდები და ქალაქის მერის რანგში პირველი თათბირი სწორედ მათ ჩაუტარა, თან  ულტიმატუმი წაუყენა: "ან თქვენ, ან – მე!“ ქურდებმა ქუთაისი მაშინ პირველად დატოვეს... ამ ბრძოლაში "თეთრ ყვავად“ დარჩენილ გუბერნატორს მაშინდელი ხელისუფლებიდან მხარდამჭერი არავინ გამოუჩნდა. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა მოულოდნელად „კანონიერი ქურდების“ ქონებრივი მდგომარეობით და ბიზნესსაქმიანობით დაინტერესდა. პრეზიდენტმა თანამოაზრეებთან ერთად მათ წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ბრძოლა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა ტარიელ ონიანის სახელიც. მისით არამარტო ადგილობრივი, არამედ ესპანეთის ხელისუფლებაც კი დაინტერესდა. ტარიელ ონიანი, როგორც ამბობენ,  ბიზნესებს  ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გააჩნია. ბიზნესში გადაბარგებული ავტორიტეტი დღესაც სვანების დიდი ლობია. ონიანით დაწყებული „ქურდული ანთოლოგია“ ასე გრძელდება: კიდევ ერთი ავტორიტეტი „წრიპა“, იგივე თემურ ნემსიწვერიძე, „წრიპას“ ახლად დაკრძალული დედა საფლავიდან მოპარეს. მიუხედავად ამისა, მან საქართველოში ჩამოსვლა მაინც ვერ გაბედა.

საინტერესოა ქურდული იდეოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია. იგი პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს წესრიგისთვის ბრძოლასთან. შემთხვევითი არ არის, რომ ქურდების მნიშვნელობა და გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება კრიზისის პერიოდში. პირველი „კანონიერი ქურდები" რომლებსაც მიახლოებით ჰგვანან ახლანდელები, გაჩნდნენ ოციან წლებში სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე ჯიბის ქურდების წრიდან და სწორედ ჯიბის ქურდების წრეში აღორძინდა ქურდული საძმო, მოგვიანებით კი პირველი „კანონიერი ქურდები" გაჩნდნენ.

 ქვეყნისთვის, რომელიც ეკლიანი მავთულხლართით არის გარშემორტყმული, მსჯავრდებულთა შრომა ითვლებოდა ეკონომიური კეთილდღეობის მნიშვნელოვან მაჩვენებლად. პატიმრები აშენებდნენ ქალაქებს, ქარხნებს, არხებს, გაჰყავდათ გზები და ელექტრო გადაცემის ხაზები. მე-20 საუკუნის დანომრილი მონების მუშაობის ეფექტურობა, მათი დისციპლინიანობა და დამორჩილება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად გადაიქცა. გულაგის მრავალმილიონიან ჯარს აკონტროლებდა და იცავდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დამსჯელი მანქანა უსკ გპუ-შსსკ, მაგრამ ისიც არ იყო ყოვლისშემძლე ნესტიან ბანაკებში. დახურულ მჭიდრო კამერებში მსჯავრდებულები კონტროლისა და სათანადო ზედამხედველობის გარეშე რჩებოდნენ. ამ პრობლემას ვერ აგვარებდნენ არსენალში არსებული ხერხებით. ამიტომ სტალინის გულაგი, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები არ ხვდებოდნენ, როგორც სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც შესწევდათ უნარი ორგანიზებული და გააზრებული წინააღმდეგობისა, საჭიროებდა შინაგან დამატებით მართვას. ასე, სპეცსამსახურების სიღრმეში გააჩნდა გეგმა ამ მიზნით არაფორმალური ლიდერების დამნაშავეთა სამყაროს ბელადების გამოყენებისა. იდეა, რა თქმა უნდა, ორიგინალური არ იყო, მაგრამ „გულაგურ" რუსეთში სრულიად ახალი, განსაკუთრებული განვითარება მიიღო.

დიდი პოლიტიკური მისიის შესრულების შესახებ შესაძლოა თვითონ „კანონიერი ქურდები" ვერც კი ხვდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში მათი ავტორიტეტი და რაოდენობა იზრდებოდა. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ფართოდ იყენებენ ეკლესიურ ტერმინოლოგიას. ასე მაგალითად: „პატრიარქი" - ქურდულ სამყაროს ჰყავდა ვინმე „ბრილიანტი", რომელსაც „პატრიარქს" უწოდებენ, „ნათლობა", „ნათლიმამა", „გვირგვინი", „ეპარქია", ძველი ქურდები გაქცევისას იყენებდნენ ტერმინს „კატაკომბა".

ერთი სიტყვით ეკლესიის წეს-ჩვეულებებისადმი მიბაძვით, ქურდულმა იდეოლოგიამ, უღმრთო, არაეკლესიურ გარემოში, ხალხის ერთგვარი სიმპათია და ავტორიტეტი მოიპოვა. „სიმართლისა" და „ჭეშმარიტების" თავისებური, რაც მთავარია, არაკომუნისტური განმარტება, გაოცებასა და კეთილგანწყობას იწვევდა ადამიანებში. მითუმეტეს „სამართალდამცავთა" ფონზე, რომლებიც სისასტიკითა და უკანონობით ხშირად აჭარბებდნენ დამნაშავეებს.

დღეს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები,“კანონიერმა ქურდებმა“ შექმნეს თავიანთი დაუწერელი კანონები: ქურდმა ქურდს ნებისმიერ კონფლიქტში მხარი უნდა დაუჭიროს, ქურდს არა აქვს უფლება, ჰქონდეს ოჯახი, ქონება და ა.შ. ქურდი არჩევს საქმეებს და ქურდულ შემოსავალს სხვა პატიმრებსაც უნაწილებს, ანუ ქურდი გახდა "რაინდი", რომელიც მდიდარს ართმევდა და დაჩაგრულს აძლევდა.

მათი მთავარი კანონი იყო "დუმილის კანონი", ე.წ. "ომერტა", რომელიც იტალიურ მაფიაში დამკვიდრდა - ქურდებს არ ჰქონდათ უფლება, გაეცათ ინფორმაცია. ვინც დუმილის კანონს დაარღვევდა, ისევე ისჯებოდა, როგორც იტალიაში "ომერტას" კანონის დამრღვევი. ამ კანონებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი საზოგადოება ჩამოაყალიბა, რომელსაც "კანონიერი ქურდები" მართავდნენ.

ტრადიციულად, კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად. ქალთა მუდმივი ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის აკრძალვა კვლავ ძალაშია, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს წოდება არანასამართლევი პიროვნებების მიერ იქნა მიღებული ფულის სანაცვლოდაც. ასეთ ქურდებს რუსეთში „ფორთოხლებს“ უწოდებენ.

მრავალი სხვა კრიმინალური საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონიერი ქურდების გაერთიანებას ერთი ფუძე არ გააჩნია. მისი ზედა დონე მოქმედებს მონაწილეთა სრული თანასწორობის პრინციპით. მსგავსი გაერთიანებების მართვის ორგანოა „სხოდკა“, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები წყდება, მათ შორის, წერილობითი მიმართვები დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ („ქსივები“, „ქურდული პრაგონები“) კანონიერი ქურდები მიისწრაფიან პატიმრებზე კონტროლის დამყარებისკენ - როგორც მიმართვებით, ასევე მოსყიდვით და დაშინებით.

კანონიერი ქურდების გაერთიანების ფუნქციებში შედის: ცალკეული კრიმინალებისა და მათი ჯგუფების გაერთიანება, კრიმინალური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კონტროლი, კრიმინალურ სფეროში კონფლიქტების მოგვარება, საერთო დანაშაულებრივი სალაროების („ობშიაკების“) გამოყენების კონტროლი, უცხო ქვეყნების დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან გარე კონტაქტები.

კანონიერი ქურდები ერთიან ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა მმართველობისათვის, გამოირჩევა ერთმანეთის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები: „კანონიერები“, „შავები“ და „წითლები“, „სლავები“ და „კავკასიელები“, „აგურები“ და „ყვავები“, თუმცა რუსეთში სწორედ ისინი ასრულებენ კოორდინატორულ ფუნქციას, ახდენენ რა ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურის სტაბილურობას.

განსაკუთრებით საშიშები არიან ისეთი კანონიერი ქურდები, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკურ კრიმინალს და ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, რუსეთში ასეთი ადამიანი დაახლოებით 10-15-ია.

აღსანიშნავია, რომ საბჭოური ქვეყნებიდან ყველაზე მჭიდროდ ქურდულმა სამყარომ ფეხი საქართველოში მოიკიდა, რადგან საბჭოთა კავშირში სტალინს  უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი ეთნიკური წარმოშობის გამო,  ქართველები რუსეთში ავტორიტეტით სარგებლობდნენ. სტატისტიკა მეტყველებს, რომ 50-იანებში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების რიცხვი აღემატებოდა სხვა ეროვნების ავტორიტეტებს - ქართველი იყო სსრკ-ში "კანონიერი ქურდების" 40%.

ქართველების მეორე უპირატესობა ის იყო, რომ ყოველთვის ლიდერები იყვნენ. დღესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულები ქართველები ან საქართველოდან წასული სხვადასხვა ეროვნების ქურდები არიან. ძალიან მაღალი რანგის ლიდერები, რომლებიც ბოლო პერიოდში ქურდული სამყაროს ნათლიები იყვნენ, საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი, უსოიანი... ქურდები თავს იყრიან ყველა დიდ ქალაქში და ერთ-ერთი ლიდერი ან ქართველია, ან სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსეთის შს სამინისტრომ, უკრაინელი კოლეგების დახმარებით, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე სულ 432 აქტიური ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ შორის 318 თავისუფლებაზეა, 114 – პატიმრობაშია, ხოლო 19 ძებნილია. აღსანიშნავია, რომ 432 “კანონიერი ქურდიდან” უმეტესობა - 242 ქართველია. დანარჩენი რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ჩეჩენი და ებრაელია. თუმცა, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის შს სამინისტრომ ყველაზე გავლენიან, საშიშ და ამავდროულად მდიდარ “კანონიერ ქურდად”  ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე,  ვინმე ნადირ სალიფოვი დაასახელა - მეტსახელად “გული”. ის ამჟამად ძებნაშია და როგორც ირკვევა, ბიტკოინებითაა დაინტერესებული.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით , ე.წ "კანონიერი ქურდის“ ტიტულის მქონე 442 ადამიანია, მათ შორის 252, ანუ 58% კი  ქართველია.