ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება “აუსრულდა“
ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება “აუსრულდა“

A+ A-

15:26 23/09/2019

საფრანგეთში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უკვე 7 თვეა მნახველი ათვალიერებს. ახლა ფიროსმანის 29 ნახატი ქალაქ არლეში, ვან გოგის ფონდშია გამოფენილი. 2 გენიოსი ერთად მათი მისტიკით, საიდუმლოებით, განუმეორებელი ხელწერით და ფერებით, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს და აჩენს სურვილს, რომ მეტი გაიგო ხელოვანებისა და მათი სამშობლოს შესახებ. ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ფრანგულ მოგზაურობაზე სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

ნიკო ფიროსმანს, რომლის საფლავიც ცნობილი არ არის დარჩა ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება. ის ნატრობდა დიდ სახლს ქალაქის შუაგულში, სადაც იქნებოდა დიდი მრგვალი მაგიდა, სამოვარი და ჩაის თანხლებით, სადაც ისაუბრებდნენ მხატვრობაზე და ხელოვნებაზე. გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, მხატვრის უცნობს საფლავს და აუხდენელ ოცნებას მეტაფორული მაგიდა - სარკოფაგი მიეძღვნა. 

ფონდი "იფინიტარტის" დამფუძნებლის, ადრიან ბარსანის იდეას ხორცი შეასხა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა. ტადაო ანდოს 7-მეტრიანი მაგიდა ასობით  ლურჯი ვარდისგან შედგება, იმ ვარდის რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ასე უყვარდა ნიკალას.  „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ მაგიდა- სარკოფაგის ნახვა მალე შესაძლებელი იქნება საქართველოში.

რაც შეეხება გამოფენას, ალბერტინას გამოფენის კურატორის თქმით, მთავარი იდეა ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის ორი თვითნასწავლი მხატვრის ჩვენება იყო:

"მთავარი იდეა ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის იყო გვეჩვენებინა ორი თვითნასწავლი მხატვარი, როგორც 2 მოდელი. ვან გოგი 20 წლის ასაკში უკვე ბიძასთან ერთად ლონდონში მუშაობდა, ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ როგორც მხატვარი ის იყო თვითნასწავლი. ნიკო ფიროსმანმა ჩვენი სამყარო უფრო გააფართოვა, ჩვენი პერსპექტივა ფიროსმანის დახმარებით და მისი წყალობით უფრო გლობალურია. არის ბევრი განსხვავებაც. ეს დასაწყისია იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, რა შეიძლება ამ 2 მხატვრისგან ვისწავლოთ. ერთი რამ ყველაზე ცხადია, ფიროსმანიც და ვან გოგიც ძალიან ჰუმანურები არიან. ფიროსმანს მძიმე, მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ამავე დროს სამყარო ჰარმონიულად ასახა", - ამბობს ბიშე კურიგერი, ალბერტინას გამოფენის კურატორი.

ბიშე კურიგერმა ფიროსმანი პირველად 1988 წელს თბილისის მუზეუმში ნახა. დღეს ამაყობს, რომ იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ფონდ "ინფინიტარტის", საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ვინსენტ ვან გოგის ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. 

ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში შედგა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება და კიდევ ბევრ მნახველს გააოცებს. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ამბობს, რომ ეს კოლექცია მსოფლიოს კუთვნილება უნდა გახდეს.

დისკუსიის შემდეგ მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფიროსმანი მათი ინსპირაციის წყაროა.

"ეს ს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მხატვრების გაცნობის. ჩვენთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდეთ ნიკო ფიროსმანს. ფიროსმანი იმსახურებს, რომ გაცილებით მეტად ცნობილი იყოს საფრანგეთში. ყოველთვის ფანტასტიკური მომენტია, აღმოაჩინო ახალი ინსპირაცია. უყურებ ფიროსმანს და სურვილი გიჩნდება დახატო და შექმნა ახალი რამ. მე ფიროსმანი აქ აღმოვაჩინე და უკვე ძალიან ახლობელია", - ამბობს სიმპოზიუმის მონაწილე მატის კოლინსი. 

ვიდრე ფიროსმანი ვინსენტ ვან გოგს არლში ესტუმრებოდა, მისი ნამუშევრები ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოიფინა. პროექტი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფიროსმანის ნამუშევრების ექსპოზიცია სამი თვე გაგრძელდა და 400 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. არლი - სამყაროთა შორის მოგზაურის ბოლო გაჩერება არ არის. საერთაშორისო გამოფენებზე მოლაპარაკება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებთან გრძელდება და მალე გახდება ცნობილი, სად და რომელ მხატვართან ერთად დაიკიდება საგამოფენო დარბაზის კედლებზე იმ ხელოვანის ტილოები, რომელმაც სიცოცხლე უკიდურეს სიდუხჭირეში დაასრულა და ინტელექტუალურმა სამყარომ ისევე როგორც ბევრი უდიდესი ტალანტი გარდაცვალების შემდეგ აღიარა.