ზურაბ ადეიშვილის გამოზრდილი, მიხეილ ჩინჩალაძის კლანის წევრი - ვინ არის თამარ ალანია?
ზურაბ ადეიშვილის გამოზრდილი, მიხეილ ჩინჩალაძის კლანის წევრი - ვინ არის თამარ ალანია?

A+ A-

15:04 23/09/2019

დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პირველ კანდიდატს თამარ ალანიას უსმენენ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

"2020NEWS"-მა თამარ ალანიას ბიოგრაფიას გადახედა, სადაც საინტერესო დეტალები აღმოაჩინა.

მოსამართლეთა ბოსის, მიხეილ ჩინჩალაძის კლანის წევრი ალანია, სასამართლოში ზურაბ ადეიშვილი პროკურატურაში მუშაობის 7-წლიანი სტაჟით მივიდა. ალანიამ სამოსამართლეო საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო და 2016 წლამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, 2016 წელს სამწლიანი ვადით გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა იმავე პოზიციაზე.

2013-2017 წლებში მოსამართლე თამარ ალანია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. გარდა სასამართლო სისტემისა, 1999-2006 წლებში თამარ ალანია მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორის თანამდებობაზე. მან 1993 წელს დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა.

1998 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2009 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

მისი ქონებრივი დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონ სოფელ თხინვალში (1674კვ.მ), რომელიც 110 500 ლარად არის შეფასებული. მის სახელზეა 2014 ავტომანქანა LEXUS 27 680 E. მისი ოჯახის საკუთრებაშია ასევე ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე 110 კვ.მ. ბინა და მიწის ნაკვეთი დიდ ლილოში - 1500 კვ.მ.

თამარ ალანიას მეუღლე შპს "ქართოში“ მუშაობს. როგორც მოსამართლის დეკლარაციიდან ირკვევა, 2014 წელს, თავად თამარ ალანიაც შპს "ქართოში“ მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული და ამ პერიოდში 24,000 ლარი გამოიმუშავა. თუკი თამარ ალანიამ მოსამართლის ფუნქციების შესრულების პარალელურად, აღნიშნულ კომპანიაში ანაზღაურებადი საქმიანობა შეასრულა, მაშინ ეს ქმედება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის დარღვევად უნდა ჩაითვალოს, რომლის თანახმადაც, მსგავსი ტიპის საქმიანობა მოსამართლის თანამდებობაზე მყოფი პირისთვის შეუთავსებელია.

ხარვეზები გვხვდება სასესხო ვალდებულებების დეკლარაციაში ასახვის კუთხით. მოსამართლე თამარ ალანია ხშირად ერთი და იმავე სესხის დეკლარირებას ახდენს, ხოლო მომსახურების ხარჯები მითითებული არ აქვს. მოსამართლე თამარ ალანიას შემოსავალმა სამოსამართლო საქმიანობიდან 2010-2018 წლებში, შეადგინა 590,756 ლარი. 2016 წელს, თამარ ალანიამ დედისგან მიიღო ფულადი საჩუქარი – 14,500 აშშ დოლარი.

მოსამართლე თამარ ალანიას „თიბისი“ ბანკში სხვადასხვა ვალდებულებები უფიქსირდება. 2016 წელს მან აიღო 50,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი. თამარ ალანიას სამოსამართლეო საქმეს უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები როგორებიცაა: გვანცა ყუფარაძის საქმე , ე.წ.“მუხროვანის ამბოხი“. მუხროვანის საქმე - მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე განიხილა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმე (ე.წ. „მუხროვანის ამბოხი“). პირველი ინსტანციის სამართლომ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს, ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა;

კობა ოთანაძეს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა. სააპელაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იმ პირთა საჩივრები, რომლებმაც განაჩენი გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომელიც შვიდი სამოქალაქო პირისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა.

კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე იმთავითვე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევდა. არსებობდა ეჭვები ფაქტების არასათანადო გამოძიებასთან დაკავშირებით. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში გადმოცემულია მომხდარის ორი სხვადასხვა ვერსია: ხელისუფლების გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია და საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხელისუფლებამ თავად დადგა ამბოხი მუხროვანში სამხედრო განაყოფებზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რადგან შეიარაღებულ ძალებში უკვე სერიოზულ შიდა პრობლემებს აწყდებოდა, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ვერსიით, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხი არ მომხდარა; ეს იყო დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისადმი, რომელიც სამხედროებისგან აქციის მონაწილეების დარბევას მოითხოვდა.

2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი პოლიტიკურ პატიმრად ცნო. გვანცა ყუფარაძის საქმე - 2007 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, განიხილა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც მან ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით. გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში დააკავეს თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის.

2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი ჩაეთვალა პირობითად. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საქმე იყო რეზონანსული, ვინაიდან ეხებოდა არასრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა იმაზე, თუ რა მტკიცებულებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ, რა ინფორმაციას ატარებს თითოეული მათგანი, რამდენად არის თითოეული დასაშვები, უტყუარი და რელევანტური.

რჩება შთაბეჭდილება, რომ განაჩენი მიმართულია დაცვის მხარის მტკიცებულებათა გაბათილებისკენ და არა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობის/დამაჯერებლობლობის შემოწმებისკენ. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებობდა არსებითი წინააღმდეგობები, ასევე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა – ეს ხარვეზები სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა. სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება ისე, რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი დამაჯერებლად არ დაუსაბუთებია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობაზე, იმის გათვალსწინებით, რომ საქმე ეხებოდა არასწრულწლოვანს. ამასთან, იმ დროისათვის საქართველოში არ არსებობდა ქალ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა აღმზრდებლობითი (საპატიმრო) დაწესებულება. სასამართლომ არ იმსჯელა, როგორ აისახებოდა აღნიშნული მოცემულობა არასრულწლოვნის უფლებებზე, მათ შორის, მისი რესოციალიზაციის ინტერესზე. ამის შემდგომ გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, თუმცა სტრასბურგმა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დარღვევები ვერ გამოკვეთა.