იმედია, პარლამენტი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ - წულუკიანი
იმედია, პარლამენტი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ - წულუკიანი

A+ A-

14:52 23/09/2019

ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას უპრეცედენტო ღიაობაა უზრუნველყოფილი.

„მე არ ვიცი და ვერ გვეცოდინება წინასწარ, პარლამენტი ვის შეარჩევს. პარლამენტი არ შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც არ იქნება თუნდაც მოსმენის დროს მოწოდების სიმაღლეზე და არ იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის ღირსი. ამიტომაც ერთადერთი, რისკენაც შემიძლია, ყველას მოგიწოდოთ, არის, რომ დავაკვირდეთ ამ მოსმენებს, მოსმენებისას გამოთქმულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, გავაანალიზოთ ისინი. თუკი არის მაღალი ინტერესი პარლამენტის სხდომების მიმართ, მათ შორის საკომიტეტო ღიაა და საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, მივიდეს, დაესწროს ამ მოსმენებს და თავადაც დაუსვას შეკითხვები კანდიდატებს. ვფიქრობ, ეს არის ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა და ასევე, იმედს გამოვთქვამ, პარლამენტი იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.