იმაზე შემზარავი არაფერია, ვიდრე ის, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გქვია - მამა პეტრე
იმაზე შემზარავი არაფერია, ვიდრე ის, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გქვია - მამა პეტრე

A+ A-

14:36 23/09/2019

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და წერს, რომ იმაზე შემზარავი არაფერია, ვიდრე ის, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გქვია.

„ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, ზღვაში ,,მოცურავე" მიცვალებულები, ცოცხლად დამწვარი ადამიანები, გამოშიგნული ორსულები, როგორ შეიძლება თქვას, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია. წინა საუკუნეების მზაკვრობებიც რომ დავივიწყოთ, ყველა ღალატზე თვალიც რომ დავხუჭოთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვერაფერი გადაფარავს. კარს არის მომდგარი სოხუმის დაცემის დღე. იმაზე შემზარავი და გულგასახეთქი არაფერია, ვიდრე ის, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გქვია. ყველა უპოვარის, უსახლკაროს პატრონი უფალია, მაგრამ პუტინის რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, ქრისტიანობა დაიბრალოს. ძმებს შორის დამნაშავე ის არის, ვინც ძმებში ომის ცეცხლს აღვივებს. ენგურს გაღმა თუ გამოღმა ჭკუა არ გვეყო, რომ გაერთიანებული ძალებით რუსული იმპერიალიატური სულისთვის უარი გვეთქვა. ნურც იმის გამო იქნებით მშვიდად, რომ აჭარა სამასი წელი თურქეთის გამგებლობის ქვეშ იყო და მერე დაგვიბრუნდა. ჩვენ გაუბედურებულ ერს, რუსეთზე ისტორიული მტერი არასდროს ჰყოლია. რაც წლები გადის, რუსეთზე მეტად იმ ქართველებზე ვბრაზდები, შიშის კანკალით რომ ეხებიან პუტინისეულ გამოწვევებს. აღარც რელიგია შეგვრჩა საერთო. თქვენ ომს, სიძულვილს, ბოროტებას, ქართული ფრესკების გადაღებვას, წარწერების განადგურებას ერთმორწუნეობას უწოდებთ?! არა, ეს იდიოტიზმია. რუსეთთან საერთო ენის გამონახვის მცდელობით გაჩუმებას დიპლომატიას ეძახით?! არა, მონობაა! დამონებული მდგომარეობა კი ვერასდროს შექმნის თავისუფალ სახელწიფოს! 27 სექტემბერი ჯვართამაღლება და რუსეთის მიერ საქართველოს ჯვარზე გაკვრის დღეა!", - წერს მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი სრულდება. თუ ეს დღე ქართველებისთვის აფხაზეთის მთავარი ქალაქის დაცემის დღეა, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მას სოხუმის აღების დღედ აღნიშნავენ.