უნამუსოა არა პრეზიდენტი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც შეწყალების სია შეუტანა ხელმოსაწერად - მანჩო გიორგობიანი
უნამუსოა არა პრეზიდენტი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც შეწყალების სია შეუტანა ხელმოსაწერად - მანჩო გიორგობიანი

A+ A-

13:55 20/09/2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარშემო ხმაური და სკანდალი არ წყდება. სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყო 25 წლის წინ მოკლული სოსო ქოიავას მკვლელი, ზურაბ ნადირაძეც.

მოკლული სოსო ქოიავა, მანჩო გიორგობიანის მაზლი იყო. “2020NEWS“-თან ინტერვიუში, აღნიშნავს, რომ კითხვები აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან თვლის, რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რა საქმეებზე აწერდა ხელს. გიორგობიანი ასევე მიიჩნევს, რომ მისი მაზლის მკვლელთან, ზურაბ ნადირაძესთან კავშირი ჰქონდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას. 

_ ახლა რა უნდა გავაკეთოთ? უკვე შეწყალებულია.  შეწყალება კანონიერია, კონსტიტუციით არის გაწერილია. პრეზიდენტს შეწყალების უფლება კონსტიტუციით აქვს და არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა შეიძლება, მოხდეს.

_ თქვენი ოჯახი სამართალს წლების განმავლობაში ეძებდა. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შეიტყვეთ, რომ თქვენი მაზლის მკვლელი, ზურაბ ნადირაძე პრეზიდენტმა შეიწყალა?

_ რა თქმა უნდა, შოკი მივიღეთ და უსამართლობის გრძნობა დამეუფლა.

_ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. თუმცა მან უარყო საქმესთან კავშირი?

_ რა უარყო, რომ არ ვიცოდიო? იტყუება, შეხება ჰქონდა. ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტამდე იყო საქმის კურსში.

_ თქვენი აზრით, პრეზიდენტს  დიმიტრი გაბუნიამ შეუტანა თქვენი მაზლის მკვლელის საქმე?

_ არ ვიცი, ეს როგორ დავამტკიცო. საქმის კურსში, რომ იყო, ეს ნამდვილად ვიცი.

_ ოჯახი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, როდის აპირებთ, ამ საკითხით  პარლამენტს მიმართოთ?

_ არ ვიცით,  ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, თავად სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოინდომოს და გამოიკვლიოს. ყველაფერში გარკვევა  პირველ რიგში მის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მისი ადმინისტრაციიდან ამხელა ბომბი ვინ დაუდო და ასეთ სკანდალურ საქმეებზე ვინ მოაწერინა ხელი. მის ინტერესებში უნდა შედიოდეს, ამ ყველაფრის გამოძიება, რათა მოიშოროს ეს ადამიანები თავისი გუნდიდან.

_ ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა ვის იწყალიბებდა?

_ კი, მე ასე მგონია, რომ არ იცოდა. არა მგონია, სცოდნოდა, რომ გიორგი ოთხმეზურის შვილის მკველლი შეიწყალა. ასევე, არ მგონია, სცოდნოდა ჩემი მაზლის გახმაურებული საქმეც - როდესაც 40 წლის კაცმა დაჭრა სამი ადამიანი და მათ შორის ერთი მოკლა, ისე რომ ორმხრივი სროლაც არ ყოფილა და 25 წელი მოვანდომეთ სამართლის ძიებას.

 მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოში არ უცხოვრია, მაგრამ ყველა ეტყოდა, რომ ამ ამბავს ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. არ მგონია, ამხელა სკანდალში თავი გაეყო. მით უმეტეს, იცოდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის გამოცდილება, როდესაც მის შეწყალებებს სკანდალები მოჰყვა.

_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა ვის იწყალებდა, თქვენ როდესაც შეიტყვეთ, რომ თქვენი მაზლის მკვლელი პრეზდენტმა შეიწყალა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვენით და მას უნამოსო უწოდეთ...

_ პრეზიდენტის საქციელისთვის უნამოსო არ მიწოდებია. მე უნამუსო ვუწოდე ყველა იმ ადამიანს , ვინც პრეზიდენტს ეს საქმე შეუტანა ხელმოსაწერად. პრეზიდენტს ვიზიტებიდან ვიზიტებს შორის, ძალიან ეჭვი მეპარება მრავალტომიანი საქმეების შესწავლის დრო ჰქონდეს. ეს მის ადმინისტრაციაში ვიღაცას ავალია.

_ ამ შეწყალებების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხდა. როგორ შეფასებას მისცემდით მის ქმედებას?

_ მორატორიუმი შეწყალებასთან დაკავშირებით არის ძალიან ცუდი. იმედი მაქვს, მცირე ხნით გამოაცხადა, ვიდრე შეწყალების კომისია შეიქმნება, რომლებიც საქმეებს ყურადღებით შეისწავლიან. ან, თუნდაც პარლამენტი შეიმუშავებს რაღაც რეკომენდაციებს, იმედი მაქვს კონსტიტუციას კიდევ არ გადავაკეთებთ. მორატორიუმი თავისთავად ძალიან ცუდია, რადგან არის ძალიან ბევრი პატიმარი, ვისაც შეწყალება ეკუთვნის, ან იმსახურებს. ან არის ისეთი სიტუაციები, რომ დაზარალებული მხარეც კი, თანახმაა გათავისუფლებაზე - ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ასევე, არიან პატიმრები მსუბუქი დანაშაულებებისთვის, რომ იხდიან სასჯელს და შეწყალებას იმსახურებენ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, მორატორიუმი დიდ ხანს არ გაგრძელდება, რადგან ეს იქმება ადამიანებისთვის მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია ოჯახს, თქვენი მაზლის მკვლელი ახლა სად იმყოფება, როგორც ცნობილია ის წლების განმავლობაში ჩეხეთში ცხოვრობდა?

_ არა, ამ წუთას არ გვაქვს ინფორმაცია.