გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი“ შეიქმნება - ხაზარაძე
გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი“ შეიქმნება - ხაზარაძე

A+ A-

11:38 16/09/2019

გაზაფხულზე “ჩრდილოვანი კაბინეტი“ შეიქმნება, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“. „მე გუნდური მოთამაშე და, იმავდროულად, ლიდერი ვარ, რაც თანამდებობა კი არა, ის ადამიანია, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, ათი კაციდან ერთ-ერთი პირველია, ვინც ტანკს პირველი შეუვარდება. ჩვენი ქვეყნის რადიკალურად უკეთესობისკენ შემოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით შეიძლება. პარტიის გამჭვირვალობა არ ნიშნავს ტელევიზიაში გამოსვლას. ეს არის პროცესის თანაავტორობა. ამომრჩეველმა თავად უნდა აირჩიოს, ვინ იქნება პარტიის წამყვანი ბირთვი. ამიტომ როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. იქნებ 30 წლის შემდეგ მაინც დავამთავროთ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა, რადგან ყოველთვის უკუშედეგი მივიღეთ, ინსტიტუციურად ვერ განვვითარდით. საგარეო ორიენტაციაში დავიბენით ან დაგვაბნიეს. გაზაფხულზე, ასევე, პირველად შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს", რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება. თუმცა იმ პირთა რესურსი, ვინც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, გარდამავალ ეტაპზე აუცილებლად საჭირო იქნება და მათი ხელის ერთი მოსმით გაშვება გამორიცხულია,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გასულ კვირას სამოქალაქო მოძრაობა “ლელო“ დააფუძნა და მომავალში გეგმავს მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას,რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს.