“გირჩი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას ითხოვს
“გირჩი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას ითხოვს

A+ A-

11:23 16/09/2019

„გირჩი“ ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა ბ-ნი დვალიშვილის ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ, როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა

„გაცნობებთ რომ ჩემი საავტორო გადაცემის, ,,პროცესი”-ს, 31 აგვისტოს გამოშვებაში, საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბ-ნა რომან გოცირიძემ განაცხადა შემდეგი: საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ბ-ნი ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხების გაცემა. ბ-ნი რომანის განცხადებით მას ნანახი აქვს ეს ჩანაწერები, როდესაც ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათი შენახვა ბანკის სპეციალურ საცავში მოხდა სწორედ მისი მითითებით. მსურს შეგახსენოთ შემდეგი გარემოებები: 1.ბ-ნი დემურ დვალიშვილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებული პირი, იგი იკავებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ნოემბრამდე 2.1993 წლის 5 აპრილს მოხდა კუპონის გამოშვება, ხოლო 1993 წლის 20 აგვისტოდან კუპონი გამოცხადდა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მასშტაბით. კუპონის ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ღატაკად აქცია საქართველოს მოსახლეობა. 3.1992 წელს საქართველოში დაიწყო პირველი პრივატიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საბჭოთა საქართველოს საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა ერთეული კორუმპირებული ადამიანების ხელში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ამ აქტივების ხელში ჩაგდება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მითითებით ერ. ბანკიდან გატანილი სესხებით, რომელთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება არ მომხდარა ან მოხდა იგივე ერ. ბანკის მიერ ინფლირებული და გაუფასურებული კუპონებით. 4.ბ-ნი დემურ დვალიშვილის პრეზიდენტობას ემთხვევა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საბჭოთა ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშით, რომელიც ინახება კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნი ელგუჯა მექვაბიშვილის პირად არქივში, საბჭოთა ანაბრების გაუფასურება დაკავშირებულია 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებთან. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2004 წლის 15 ნოემბრის #34 დადგენილებით შექმნილი 1992-1993 წლებში საქართველოს მოქალაქეების ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნით - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და, ამავე დროს, მთავარი მიზეზი ანაბრების გაუფასურებისა იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა.

5.ბ-ნმა დემურ დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1994 წლის 9 სექტემბერს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საცავში არსებული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დვალიშვილის ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ა) როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა,

ბ) როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და

გ) როგორ და სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი. პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სრულად ფლობდნენ ინფორმაციას ზემოთაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან და თბილისის სამოქალაქო ომთან ერთად, 90-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად გაანადგურა ეს ქვეყანა. მეტიც, ჩვენი ვარაუდით ასეთი მნიშვნელობის ჩანაწერების გასაჯაროების ნაბიჯი არ გადადგა არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში უსამართლოდ გამდიდრებული ადამიანები ერთი მხრივ ყოველთვის სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ ხელისუფლებებთან სიახლოვით, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ამ ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების მოპოვებისა და შემდეგ შენარჩუნების ფინანსურ საყრდენს. გირჩი ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ზემოთაღნიშნული ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე! - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.