შეუცვლელი და დაწინაურებული მინისტრი ოლიგარქის კარზე - რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?
შეუცვლელი და დაწინაურებული მინისტრი ოლიგარქის კარზე - რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?

A+ A-

11:03 14/09/2019

ის "ქართული ოცნების“ პიონერიც არის და უხუცესიც. "ნაციონალური მიძრაობის" "შეურიგებელი მტერიც" და ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრიც.

ცოტა ხნის წინ ხმა გავარდა, იუსტიციის მინისტრს სახლში უშვებენო, მაგრამ "ჯადოსნური სიტყვების" წყალობით, რომელიც წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს წარმოსთქვა, არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში დარჩა, არამედ დაწინაურდა კიდეც.

ახალმა პრემიერმა გახარიამ საზოგადოებას ახალი ვიცე-პრემიერი წარუდგინა და ის თეა წულუკიანია. "თავისუფალი დემოკრატების" და ირაკლი ალასანიას ყოფილ წევრს ჯერ "თავისუფალი დემოკრატებისგან" გამიჯვნა და მერე მთელი მინისტრობის განმავლობაში კარგი შემსრულებლობა ასე დაუფასდა.

მერე რა, რომ პროკურატურა, რომელიც მისი უწყების დაქვემდებარებაშია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და 'ქართულ ოცნებას" ემსახურება და ძალიან შორს არის სამართლიანობისგან;

მერე რა, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქვეყანა გუგუნებს გარეთ, წულუკიანი კი სიმშვიდეს ინარჩუნება და ასე გაგრძელდება ალბათ მაშინაც, როცა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს სასამართლოში საბოლოოდ გაუმყარებენ პოზიციებს და ალბათ დაავიწყდება, რომ ამ კლანმა საქართველოში მოკლა სამართალი და ახლა "მოკლული სამართლის სისხლში გასვრილი ხელებით, გამარჯვებას აღნიშნავს.

მერე რა, რომ ქვეყანა ევროპულ ღირებულებებს ისე ჩამოშორდა, რომ ღიად და შეუფარავად აგნრევემ მედია-ინსტიტუტებს, რომელზეც უნდა იდგეს დემოკრატია და განვითარება! ამ ყველაფრის მიუხედავად, "ქართული ოცნების ზეობის" მე-7 წლის თავზე, წულუკიანი დაწინაურდა.

"2020NEWVS"-მა წულუკიანის ქონებრივ დეკლარაციას გადახედა, რამდენად შეეტყო მის ქონებრივ მდგომარეობას კარიერული აღმასვლა.

თეა წულუკიანს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, 2019 წლის 31 იანვარს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, ახალი ვიცე-პრემიერი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში, რომელიც 2005 წელს აჩუქეს. ასევე მის საკუთრებაშია 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთ სოფელ დიღომში, რომელიც 2013 წელს 39 800 დოლარად შეისყიდა. წულუკიანის მფლობელობაშია ასევე სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრი ავტოფარეხი, რომელიც ასევე საჩუქრად გადაეცა 2005 წელს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს 12 საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 4076,38 ლარი და 10 600 ევრო. მისმა 2018 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა.  ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. თეა წულუკიანის წლიურმა გასავალმა 1600 ლარი და 9672,71 დოლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, სოფელ დილისკარში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო. მასვე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 9 საბანკო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1577,11 ლარი. მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 1 იანვრიდან - 1 ნოემბრის პერიოდში - 43577,21 ლარი შეადგინა, ხოლო წლიურმა გასავალმა 5675,03 ლარი. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" უცვლელ მინისტრს თეა წულუკიანს, 2017 წლიდან დეკლარაციაში აღარ უფიქსირდება არასაცხოვრებელი ფართი სტრასბურგში. ასევე, მის დეკლარაციაში აღარ არის ასახული მამისა და დედის ქონება. წულუკიანის მიერ შევსებული პირველი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2012 წელს შეავსო, წულუკიანის მამა - ავთანდილ წულუკიანი 1090 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში. ამავე სოფელში ავთანდილ წულუკიანი ფლობს 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს.

თეა წულუკიანის დედა - გიული შანიძე თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, მდებარე 120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას ფლობს. ამავე ქუჩაზე ქალბატონ გიულის გააჩნია 36 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. ასევე თეა წულუკიანის დედის სახელზეა სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღაში 1297 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო თეა წულუკიანის ძმას – ბათუ წულუკიანს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში გააჩნია 1900 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.

შეიცვალა თუ არა წულუკიანების ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, მინისტრის ახალ დეკლარაციებში ამის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.