მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას - ლუკა კალანდია
მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას - ლუკა კალანდია

A+ A-

13:13 12/09/2019

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ძმას, აინტერესებს ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს მის ძმას მკვლელობის ბრალდებას, ამის შესახებ ლუკა კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალანდია განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას საქმეში მისი ძმის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

„უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილოა", - აცხადებს ლუკა კალანდია.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.