მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა - მამუკა ხაზარაძე
მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

12:45 12/09/2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ყველა სფეროში საუკეთესო 12 ადამიანს მოძებნის, რომლებიც რეფორმირების გეგმას შეიმუშავებენ.

“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.