ხაზარაძის მოძრაობა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს ხელს შეუწყობს - გოცირიძე
ხაზარაძის მოძრაობა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს ხელს შეუწყობს - გოცირიძე

A+ A-

12:39 12/09/2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟის“ ხელშემწყობად განიხილავს.

„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს, არის დადებითი მოვლენა. ხაზარაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ ამ პარტიის დაფუძნებას, ჩვენ განვიხილავთ ამ კუთხით. ამავე დროს, ყველა პარტიამ და არა მარტო ამ ახალმა პარტიამ, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ იგი არასდროს არ შეუწყობს ხელს ივანიშვილის ირგვლივ ახალი ხელისუფლების ფორმირებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, არა მხოლოდ ამ ახალმა მოძრაობამ, არამედ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ყოველთვის ხმამაღლა უნდა განაცხადონ, რომელს ემხრობიან - ივანიშვილსა და რუსეთისკენ დაბრუნებას, თუ ევროპისკენ, დემოკრატიისკენ სვლას.

„იმედი მაქვს, დღეს ასეთ განცხადებას მოვისმენთ, რომ საქართველო არასდროს შეუწყობს ხელს ამ 7 წლიანი მმართველობის და ამ რეჟიმის შენარჩუნებას. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით კონკურენტები, ისევე როგორც იქნება თანამშრომლობა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე საუბრისას.