უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება თვითმიზანი არ არის - ოხანაშვილი
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება თვითმიზანი არ არის - ოხანაშვილი

A+ A-

12:12 12/09/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება თვითმიზანი არ არის.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია პარლამენტში წარმოდგენილ კანდიდატებზე.

“თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და ჩვენ მონიტორიგნის პროცესში - პირდაპირ ეთერში, საზოგადოების ჩართულობით დავრწმუნდებით, რომ ისინი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ სტატუსს სრულად შეესაბამებიან, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ, სრულად დაკომპლექტდეს თუ არა უზენაესი სასამართლო, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის! ეს დამოკიდებულია თითოეულ წარმოდგენილ კანდიდატზე, ვინ როგორ წამოაჩენს თავს. ჩვენი ამოცანაა პასუხი ყველა კითხვაზე მივიღოთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ალანია თამარ, გაბინაშვილი მერაბ, გეწაძე შოთა, ერემაძე მირანდა, ვასაძე მამუკა, ვაჩაძე მაია, ზამბახიძე თამარ, თადუმაძე შალვა, თავაძე ზაზა, კაკაბაძე ვლადიმერ, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, სხირტლაძე ნუგზარ, ფაფიაშვილი ლალი, ქადაგიძე ნინო, ქოჩიაშვილი ლაშა, ცინცაძე ქეთევან, წულაძე ალექსანდრე და ჯეირანაშვილი გოჩა. უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი გუშინ შეიქმნა, რომელიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებს. მათი საკომიტეტო მოსმენა კი 23 სექტემბრიდან იგეგმება.