სარალიძე მზად არის, სასამართლოს სრული ჩვენება მისცეს - ადვოკატი
სარალიძე მზად არის, სასამართლოს სრული ჩვენება მისცეს - ადვოკატი

A+ A-

12:00 12/09/2019

„ზაზა სარალიძე მზად არის, სასამართლოს მისცეს სრული ჩვენება, ყველა კითხვას პასუხი გასცეს და იმ გარემოებებზე ისაუბროს, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესების მსვლელობას", - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „დაზარალებული მხარის მოთხოვნაა, პროცესების სამართლიანად წარმართვა და ყველა დამნაშავე პირის დასჯა".

„დღეს მოხდება დაზარალებული მხარის დაკითხვა სასამართლო პროცესზე. ზაზა სარალიძე მზად არის მისცეს სრული ჩვენება, ყველა კითხვას პასუხი გასცეს და იმ გარემოებებზე ისაუბროს, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესების მსვლელობას. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამართლიანად წარიმართება და არც ერთ მხარეს კითხვები არ გაუჩნდება პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა ლონდარიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესის ღია ფორმატში წარმართვას, ლონდარიძე აცხადებს, რომ ყოველთვის მომხრე იყვნენ, რომ პროცესები ღია რეჟიმში წარმართულიყო. მისივე თქმით, საქმეში იკვეთება სამოხელეო დანაშული, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული.

„ვგულისხმობ, ყველა იმ გამომძიებელს და პროკურორს, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა. მათი ბრალია რომ სრულად არ არის დადგენილი რამდენი დანა ფიგურირებდა საქმეში. დავით სარალიძე არც ბულინგის ეპიზოდში იყო მონაწილე, რაზეც საზოგადოებაში აპელირებდნენ და სასამართლომ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. საქმეში სავარაუდოდ, სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის და რაზეც ზაზა სარალიძემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლო სხდომის საჯაროობაზე შუამდგომლობას დააყენებს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.