ზაზა ფაჩულიას უკმაყოფილება და ფედერაციის პასუხი
ზაზა ფაჩულიას უკმაყოფილება და ფედერაციის პასუხი

A+ A-

14:23 11/09/2019

ზაზა ფაჩულიას აქტიური კარიერის დაასრულებას, კალათბურთის ფედერაცია დაგვიანებით გამოეხმაურა. NBA-ის ვარსკვლავის მეგობარი, შიო ხეცურიანი“2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ ფედერაციის ასეთი ქმედება უკავშირდება მისი და ზაზას მეგობრობას.

ცნობისთვის, შიო ხეცურიანი, 2017 წელს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ზაზა ფაჩულია მისი მხარდამჭერი იყო.

“სამწუხაროა, როცა ასეთი დამოკიდებულებაა კალათბურთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის მიმართ. ჩემთვის ორმაგად, რადგანაც მნიშვნევლოვნად ეს დამოკიდებულება ზაზას მიმართ განაპირობა, მისმა მხარდაჭერამ ჩემდამი 2017 წლის არჩევნებში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ისტორია შეცვალა და საქართველოს დაუვიწყარი წლები და გამარჯვებები აჩუქა. NBA-ში 16 წელი, 2 გზის ჩემპიონი, ეროვნულ ნაკრებში 17 წელი და დიდი სიყვარული და დაფასება ქართველი და ამერიკელი ხალხის მხრიდან - ეს არის ზაზა ფაჩულიას მონაპოვარი“, -განუცხადა “2020NEWS“ შიო ხეცურიანმა.

 

როგორც, სააგენტოს ფედერაციაში უთხრეს, აპირებენ ზაზა ფაჩულიას გაცილების მატჩის გამართვას. ასევე ფედერაცია, მადლობას უხდის, მას 17 წლიან სანაკრებო კარიერითვის.

“რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა მოთამაშის საკალთბურთო კარიერა, რაც ერთმნიშვნელოვნად გულდასაწყვეტი ინფორმაციაა ქართული სპორტის ქომაგებისა და მთელი საზოგადოებისთვის. ზაზა წლების განმავლობაში იყო იმ ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ამდენი სიხარული და წარმატება მოუტანა ქართულ კალათბურთსა და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი, ვიქტორ სანიკიძის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა ღვაწლი (სამწუხაროდ მათაც დაუდგათ აქტიურ კალათბურთთან განშორების დრო) ჩვენი ქვეყნისა და სპორტული სამყაროს წინაშე. სწორედ მათ მაგალითზე, თავდადებულ შრომისმოყვარეობაზე, ქვეყნის სიყვარულსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გეგმავს და განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს მათ მიერ განვლილი სპორტული გზა. დავაფასოთ და მომავალ თაობებს დავანახოთ, თუ რამხელა შრომისა და თავდადების ხარჯზე არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა, რომ მხოლოდ თავიანთი პირადი სურვლების მეორე პლანზე გადაწევით, თავმდაბლობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი მაღალი მწვერვალების დაპყრობა და ხალხის სიყვარულის მოპოვება! ჩვენთვის დიდი პატივია ზაზას ღვაწლის დაფასება ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას“ - განუცხადეს სააგენტოს კალათბურთის ფედერაციაში.

“2020NEWS“ შეეცადა, თავად ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებას, მაგრამ ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.