ლილუაშვილის სუს-ის უფროსის დანიშვნამდე კახა კალაძემ “სვეტის“ საქმის მოგვარება დაიწყო
ლილუაშვილის სუს-ის უფროსის დანიშვნამდე კახა კალაძემ “სვეტის“  საქმის მოგვარება დაიწყო

A+ A-

11:22 11/09/2019
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად დაფინანსდება m2-ის მიერ. 
გავრცელებული ინფორმაციით „სვეტის“ საქმეში "სვეტის" საქმეში სუსი-ის მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესები იკვეთება, თუმცა ის დღემდე  პროკურატურას არ დაუკითხავს. 

სამშენებლო კომპანია “სვეტის“ ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მტკიცებით, "სვეტის საქმეში" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მეუღლის ინტერესები იურიდიულ დოკუმენტებში არ იკვეთება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სუს-ის მაღალჩინოსანი ერთ-ერთი დაინტერესებული პირია.

“ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის და მისი მეუღლის ინტერესები “სვეტის“ საქმიანობაში არ იკვეთება. თუმცა მე გამიგია, რომ მისი ინტერესები არის კომპანიის საქმიანობაში.
გამოძიებას არც ლილუაშვილი და არც მისი მეუღლე ამ დრომდე არ დაუკითხავს. იგი იყო ერთ-ერთი მობინადრე ამ მშენებარე საცხოვრებელი სახლის. შემდეგ იგი გავიდა ბინიდან და სხვას მიჰყიდა საცხოვრებელი. შესაბამისი დოკუმენტები ნანახი მაქვს“, - განუცხადა გელბახიანმა "2020NEWS"-ს.

შეგახსენებთ, “სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს გიორგი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის საზოგადოების დირექტორი 2018 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიის დირექტორმა გივი ჯიბლაძემ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წილის სანაცვლოდ, კომპანია “სვეტს” სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და “მისი ვალდებულება ნებართვების გაკეთება იყო”.
დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.
გამოძიების მტკიცებით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს. მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი ქალაქ თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე უნდა აშენებულიყო. ბრალდებულებმა მოქალაქეებთან გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეებს, თითქოსდა საცხოვრებელ ფართებზე, მომავალში საკუთრების უფლება გადაეცათ, ჯამში 4373 კვ.მ. ფართი და მის სანაცვლოდ ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მენაშენეთა თანხებს, ჯამში 1 639 099 აშშ. დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

"2020NEWS"-თვის ასევე ცნობილი გახდა, რომ  ვახტანგ გომელაურის შს მინისტრად გადანაცვლების შემდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნად, პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე 2 წელია იმყოფება.
ბოლო საკადრო გადაადგილებების დროს, ლილუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

როგორც ჩანს, ლილუაშვილის ახალ თანამდებობის დანიშვნის წინ  „სვეტის“ საქმის მოგვარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.