“რუსთავი 2“ ყოფილ თანამშრომლებს კიბერდანაშაულში სდებს ბრალს
“რუსთავი 2“ ყოფილ თანამშრომლებს კიბერდანაშაულში სდებს ბრალს

A+ A-

15:49 10/09/2019

“რუსთავი 2“ ყოფილ თანამშრომლებს კიბერდანაშაულში სდებს ბრალს. “უკვე რამდენიმე დღეა "რუსთავი2"-ის "Facebook" გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს.

"რუსთავი 2"-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს“, - ნათქვამია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანიის განცხადებას, სოციალურ ქსელში არხის ყოფილი ტელე-წამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი ეხმაურება. ჟორჟოლიანი პაატა სალიას სახელფასო დავალიანებას ახსენებს.

“ბატონო პაატა, უპასუხისმგებლობა არის სახელფასო დავალიანება, რომელიც გაგაჩნიათ ყოფილი თანამშრომლების მიმართ! და უფრო მეტად სამარცხვინოა, რომ პოლიტიკური სიმპატიებით არჩევდით ვისთვის უნდა ჩაგერიცხათ კუთვნილი ხელფასი. ალბათ უკვე გაიგებდით, რომ შევხვდებით სასამართლოში“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, “რუსთავი2“-ზე ამ დრომდე არ გადის არც საინფორმაციო და არც სხვა გადაცემები. როგორც არხის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ „2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, საინფორმაციო ბადე 16 სექტემბერს განახლდება არხზე.