თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ უმასპინძლებს
თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ უმასპინძლებს

A+ A-

18:38 09/09/2019

19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ უმასპინძლებს. 2019 წლის პროგრამა მოიცავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების, კრიტიკული აღიარებისა და მაყურებლის უდიდესი სიყვარულის მფლობელი ხელოვანების დადგმებს.

მაგი მარენის, ვიქტორია ჩაპლინის, ქეროლინ კარლსონის, კარლოტა ფერერის, როსიო მოლინას, ნატალია მენენდესის და ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრების ნახვას ქართველი მაყურებელი რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის თეატრებში შეძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ვორქშოპებიც.

რა მოხდებოდა, თუ აქ შეკრებილი ქალების ხელოვნება მსოფლიოს უკეთესობისკენ, გონიერებისკენ, შერიგებისკენ მოუწოდებდა? ამაზე აუცილებლად დაგაფიქრებთ შუბერტის კომპოზიციები და სიჩუმეში გათამაშებული მაგი მარენის დრამა „შეიძლება“, სადაც თიხით მოსვრილი ათი მოცეკვავე გამოსავალს ეძებს.

 
მაგი მარენის დრამა „შეიძლება“

ეს გახლავთ ამბავი გამოუსწორებელ კლეპტომანზე, რომელიც უცაბედად აღმოაჩენს, რომ იმ საგნების იმედად არის, რომლის მოპარვასაც ცდილობს. სპექტაკლის იდეის და დადგმის ავტორი დიდი ბრიტანელი მსახიობის და რეჟისორის ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი, ვიქტორია ტიერი ჩაპლინია, რომელიც „ზანზალაკებით და ავგაროზით“ სრულიად უცნობ ტერიტორიებს გაგაცნობთ, სადაც ჯადოქრობა, სიურეალიზმი და იუმორი ნორმაც არის და აუცილებლობაც.

 
უნა ო’ნილი ჩაპლინი, ვიქტორია ჩაპლინი და ჟერალდინა ჩაპლინი!

კაროლინ კარლსონის მოცეკვავეთა დასი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე როგორც თავად კაროლინი, რომელმაც ოთხი ათწლეულის მანძილზე უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში. კარლსონის დასმა შვეიცარელი მეცნიერის, კარლ გუსტავ იუნგის ცნობილი ნაშრომი „სინქრონულობა“, თავისი ნაწარმოების მთავარ იდეად აქცია.

 
კაროლინ კარლსონი

ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ადაპტაცია-ინსცენირების ავტორი კი კარლოტა ფერერია. პიესას ქალებზე მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ, რადგან სტერეოტიპებთან ბრძოლა მათი მთავარი გამოწვევაა. სპექტაკლში „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ მთავარ როლს „ნეტფლისის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „ქაღალდის სახლის“ მსახიობი ხაიმე ლორენტე ასრულებს. „ქაღალდის სახლი“ ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს „ნეტფლიქსმა“ გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა.

 
სპექტაკლიდან – „ეს არ არის ბერნანდა ალბას სახლი“

„მისი კომპოზიციები 90-წუთის მანძილზე აჯადოებს მაყურებელს და ძირს უთხრის ტრადიციულ ფლამენკოს შესახებ აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას“, – ასე აფასებენ თეატრის კრიტიკოსები როსიო მოლინას და მის დადგმას „დაცემული ანგელოზი“.

 
სპექტაკლიდან „დაცემული ანგელოზი“

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, ევროპის ავანგარდული თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ანდრიი ჟოლდაკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს საერთაშორისო პროექტს „შექსპირი. შეხვედრები“. „დედოფალი ლირი“ სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიდგმება.

 
ანდიი ჟოლდაკი

„სპექტაკლის მოქმედება ოჯახში ვითარდება. თემა თაობებს შორის ურთიერთობას ეხება: მშობლები და შვილები. რეჟისორი გვიჩვენებს, თუ როგორ ანგრევს ადამიანური ეგოიზმი, მატერიალიზმი და სიძულვილი, ოჯახურ ჰარმონიას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და როგორ მიჰყავს ადამიანური ურთიერთობები სრულ კრახამდე. ყველა მიზანსცენა – მისტიფიკაციაა. სპექტაკლში მოქმედებები რეალური ცხოვრებიდან გადადის თეატრში და ბრუნდება ისევ რეალობაში.“