"ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება"
"ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება"

A+ A-

15:06 09/09/2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ემზარ კვიციანი თავს არავის დახმია, არამედ ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს, მან კი საკუთარი ღირსება დაიცვა.

ირმა ინაშვილის თქმით, პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო უნდა დაისაჯოს არა ემზარ კვიციანი, არამედ ისინი, ვინც დეპუტატი ემოციურ „აფეთქებამდე“ მიიყვანა.

"ყველა საინფორმაციო საშუალების საყურადღებოდ ვწერ: ემზარ კვიციანი არავისთან არ მისულა! ემზარ კვიციანი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის შენობიდან და მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ გამოძახებული ტაქსის მიმართულებით! მეორე - ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება.

გასაგებია, რომ კამათი მიდის თავდაცვის ფორმაზე, მაგრამ გეუბნებით მკაფიოდ: გადახედეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. კანონი ცალსახად გვეუბნება, რომ ვინც ადამიანს (მიზანმიმართული პროვოკაციის გზით) მიიყვანს ემოციურ აფეთქებამდე, ის ისჯება! ისჯება! თუ არ ვცდები 3 წელია სასჯელი“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის შენობის შესასვლელთან მობილიზებულია არა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი, არამედ ბოკერია-სააკაშვილის რამდენიმეკაციანი პარტაქტივი. ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მოუწოდებს, დროულად იმოქმედონ და „პროვოკატორთა ჯგუფის“ ქმედება აღკვეთონ, რომლებიც, მისი თქმით, დეპუტატებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ.

„ეს არაა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი. რომელია ნეიტრალური, თან, ახალგაზრდა აქტივისტი: სააკაშვილის მედიაზონდერი გიორგი კაპანაძე? კლონირებული ბოკერია- ვინმე რუხაძე? თუ ერთ დროს რუსეთით აღტაცებული ვინმე მაქარაშვილი? ესაა პროვოკატორთა ჯგუფი და მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, - დროულად იმოქმედონ და აღკვეთონ ამ პროვოკატორების ქმედება, რომლებიც რეალურად დეპუტატებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მორალურ ტერორს და იწვევენ დანაშაულის ჩადენისკენ.

თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც! მართლა ნუ გადა.... ვით თავზე! ჯერ ადამიანები ვართ, ღირსება გვაქვს და მერე ვართ დეპუტატები! ჟურნალისტებს კი, მოვუწოდებ: ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ჯერ დაიწერა, რომ ემზარ კვიციანი დაესხა აქტივისტებს თავს, მერე ეს "ნიუსი" წაიშალა, ახლა ისევ იწერება, რომ ემზარ კვიციანი მიემართებოდა აქტივისტებისკენ. სირცხვილი ესაა, კოლეგებო“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა გუშინ,  აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან, მთავრობის დამტკიცების სხდომის პარალელურად სირცხვილის დერეფანს მართავდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  ასევე რამდენიმე მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

კვიციანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციასაც. თუმცა, ის არ დაუკავებიათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიყვანა. 

იურისტ გიორგი ჩიტიძის განმარტებით, ემზარ კვიციანის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული ხულიგნობაა, რის გამოც ის პოლიციას ადგილზევე უნდა დაეკავებინა, პროკურატურას კი პარლამენტისთვის მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით მიემართა.