აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები და მხარდამჭერები ქათმები არიან - "ოცნების" ზუგდიდელი მაღალჩინოსანი
აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები და მხარდამჭერები ქათმები არიან - "ოცნების" ზუგდიდელი მაღალჩინოსანი

A+ A-

11:55 09/09/2019

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, ზაზა ფარცვანია სოციალურ ქსელში აქცია "სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებს და დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც გუშინ პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მხარდაჭერას უცხადებს.  "ოცნების" მაღალჩინოსანი აქციის მონაწილეებს და მათ მხარდამჭერებს "ქათმებად“ მოიხსენიებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფარცვანიამ 22 აგვისტოს უსქესოები უწოდა "რუსთავი 2"-დან წასულ ჟურნალისტებსაც.

აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები, სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად მოითხოვენ თანამდებობა დატოვოს ზაზა ფარცვანიამ.

თავად ზაზა ფარცვანია კი, ადგილობრივ მედიასაშუალება "ოდიში ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი პირადი ფეისბუქი პირადი სივრცეა და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში ამიტომაც აფიქსირებს.

"უფლება არ მაქვს, რასაც ვფიქრობ, დავწერო? თქვენ მიკრძალავთ? მე საჯარო მოხელე არ ვარ. ეს ადამიანები არიან მართულები და 20 ადამიანის მოთხოვნა მოთხოვნაა და 2 მილიონის არა ? უკვე გამაღიზიანებელია ამ პროვოკატორების საქციელი, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან და ისე არ უნდათ ქვეყნისთვის კარგი, როგორც მე ჩინეთისთვის“, - აცხადებს ფარცვანია.

მას შემდეგ რააც სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო მოთხოვნა, რომ თანამდებობა დატოვოს ფარცვანიამ, მან ყველა პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა და აღარ იძებნება.