დღეს გოგი დოლიძეს 65 წელი შეუსრულდებოდა
დღეს გოგი დოლიძეს 65 წელი შეუსრულდებოდა

A+ A-

16:55 05/09/2019

ცნობილი ქართველი მომღერალს, გოგი დოლიძეს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გოგი დოლიძე 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.

ის 1961-1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით. მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში მეთოდისტად.

1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად. 1979-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-1990 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა.

გოგი დოლიძე ერთნაირი მომხიბვლელობით ასრულებდა როგორც ხალხურ, ისე ქალაქურ და საესტრადო სიმღერებს. 1976-83 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ცნობილ ანსამბლ "ქართულ ხმებში". მისი საყოველთაოდ ცნობილი სიმღერებია: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს", "კიდევაც დაიზრდებიან", "საშობაო საგალობელი" და სხვა.

ცნობილი მომღერალი, 42 წლის ასაკში 1996 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ კი , სადაც ის სწავლობდა, მისი ბიუსტი დაიდგა.