ცხინვალის რეჟიმმა ადმინისტრაციულ საზღვართან ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო
ცხინვალის რეჟიმმა ადმინისტრაციულ საზღვართან ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო

A+ A-

10:38 05/09/2019

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ წნელისსთან ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება, ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.

„ქართული მხრიდან პროვოკაციების შესახებ გასაფრთხილებლად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სასაზღვრო რაიონში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ წნელისთან მდებარე მაღლობზე მესაზღვრეებმა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის აბრა და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა.

სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიას“, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანასთან ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა, რის მიზეზადაც „ქართული მხარის მხრიდან პროვოკაციების აღკვეთა“ დაასახელეს.