ბიძინა ივანიშვილი კახა ოქრიაშვილს დაუპირისპირდა - რა ელოდება "ოცნების" პორტირებულ, მილიონერ დეპუტატს?!
ბიძინა ივანიშვილი კახა ოქრიაშვილს დაუპირისპირდა - რა ელოდება "ოცნების" პორტირებულ, მილიონერ დეპუტატს?!

A+ A-

15:30 04/09/2019

"2020NEWS”-ის ინფორმაციით, შემდეგი დეპუტატი, რომელსაც უმრავლესობიდან გააძევებენ, "ოცნებაში" პორტირებული მილიონერი დეპუტატი, "პსპ"-ს მფლობელი კახაბერ ოქრიაშვილი იქნება.

როგორც "2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში დაიბარა, იქ გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დაახვედრა და "საქმე გაურჩია".

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" გადაპორტირდა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც ივანიშვილი განრისხდა.

განრისხებულმა ივანიშვილმა ოქრიაშვილს პასუხი მოსთხოვა. მილიონერმა დეპუტატმა კი ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს შეახსენა, რომ იგი პარტია "ქართული ოცნების" წევრი არ არის და რომ აქვს უფლება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების.

ოქრიაშვილს შუშის სასახლეში არ უთხრეს, მაგრამ ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ფასი დაუჯდება დამოუკიდებლობა და ივანიშვილის განრისხება.

"2020NEWS”-მა აღნიშნული ინფორმაცია თავად კახაბერ ოქრიაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც ბუნებრივია, "შუშის სასახლეში საიდუმლო სერობის ამბები" არ დაადასტურა.

- ბატონო კახა, ჩვენი ინფორმაციით, “ქათული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ დაგიპირისპირდათ, რაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას მხარი არ დაუჭირეთ. ადასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას?

- არ ვადასტურებ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. რაც შეეხება მელიას, თავად ნიკას არ ვიცნობ და არც პატივს არ ვცემ. სამაგიეროდ, 30 წელია მელიას მამასთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ის, რომ მხარი არ დავუჭირე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია, როდესაც 2007 წელს, როდესაც იმუნიტეტი მოუხსნეს ვალერი გელბახიანს, მაშინაც არ დავუჭირე მხარი ჩემი კოლეგების ამ გადაწყვეტილებას.

-ჩვენი ინფორმაციით, თქვენ თავად ბიძინა ივანიშვილმა მოგთხოვათ მმართველი პარტიის დატოვება. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

-არ გიდასტურებთ ამ ჭორებს. ჩემი თხოვნაა, ჭორებს ნუ აყვებით.

- მმართველი პარტიის დატოვებას უახლოეს მომავალში საკუთარი სურვილით ხომ არ აპირებთ?

- მე უპარტიო დეპუტატი ვარ, მაგრამ ვარ უმრავლესობის წევრი და არ ვაპირებ უმარვლესობის დატოვებას, ასე ვიქნები 2020 წლამდე.

- სამომავლოდ, “თიბისი ბანკის“ დაფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან თანამშრობლობას ხომ არ გეგმავთ?

- გიმეორებთ, მე ვარ უმრავლესობის წევრი და ასე ვიქნები 2020 წლამდე. რაც შეეხება ხაზარაძესთან ურთიერთობას, ჩვენ სხვადასხვა ხედვები გვაქვს პარტიულ თუ ეკონომიკის სისტემებთან დაკავშირებით. თუ პოლიტიკაში ადამიანების ხედვები არ ემთხვევა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან. გამორიცხეთ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ჩემი თანამშრომლობა, - უთხრა "2020NEWS"-ს ოქრიაშვილმა.

როგორ და რა ფორმით გადაიხდის "დამოუკიდებელი და უპარტიო დეპუტატი" კახა ოქრიაშვილი ურჩობის და ბიძინა ივანიშვილის განრისხების ფასს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, 2012 წლის პარლამენტში კახაბერ ოქრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით მოხვდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი - დმანისის მაჟორიტარ დეპუტატად "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ოქრიაშვილი საპარლამეტო ფრაქცია " ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარეა.