სუსი სავარაუდოდ, შსს-თან გაერთიანდება
სუსი სავარაუდოდ, შსს-თან გაერთიანდება

A+ A-

12:44 04/09/2019

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველ პარტიაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სუს-ის გაერთიანების საკითხი აქტიურად განიხილება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, სუსი-ის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, თანამდებობას ცოტა ხნით შეინარჩუნებს.

იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, მმართველი პარტია აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესშია, “ოცნების“ დეპუტატები “2020NEWS“-თან აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

“არ ვიცი, არ ყოფილა ასეთი განხილვა უმრავლესობაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სააგენტოსთან საუბარში.

მმართველი პარტიიდან რევაზ არველაძე “2020NEWS” -თან არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება“ შსს-თან სუს-ის გაერთიანების საკითხს განიხილავს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობა თავად არ მიუღია.

“ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია. აღნიშნული საკითხის განხილვა, ალბათ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იქნება“,- განაცხადა რევაზ არველაძემ.

“2020NEWS” -ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატთა ნაწილის გარდა, შსს-თან სუს-ის გაერთიანებას მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლობირებს.