რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მამუკა ბახტაძე?
რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა მამუკა ბახტაძე?

A+ A-

14:32 02/09/2019

დღეს, "ქართულ ოცნების" რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თანამდებობა დატოვა.

მან ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

"2020NEWS" დაინტერესდა რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადაყენებული რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, 30 ივლის შეავსო. მასში 2016 წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, ბევრი ცვლილებები არ არის.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ექს-პრემიერი არ ფლობს ავტომობილს, ფასიან ქაღალდებს ან სამეწარმეო წილებს. დეკლარაციის მიხედვით, მას 2016 წელს საჩუქრად გადაეცა 355,05 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში. ის ფლობს 22 საბანკო ანგარიშს 3 ბანკში, სადაც ჯამში ერიცხება 8 810 ლარი, ხოლო ნაღდი ფულით ფლობდა 4500 ლარს.

ამავე დეკლარაციის თანახმად, მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით ექვს თვეში 26 916 ლარი მიიღო ( უფრო ნაკლები, ვიდრე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე იმავე პერიოდში).

კერძოდ, მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული აქვს 11 151,43 ლარი, ს/ს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს კი - 225 134 ლარი.

შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 45 905 ლარი მიუღია, ხოლო შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინის" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს "ჯორჯია ტრანზიტი" და შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინი" საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანიებია) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 18 552 ლარი, რაც ჯამში 289 591 ლარია.

მამუკა ბახტაძის მიერ 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული იყო მისი ოჯახის წევრების მამისა და დედის ქონებრივი მდგომარეობები, თუმცა ახალ დეკლარაციაში მათი ქონება არ ფიგურირებს.

ძველი დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძის მამა - გივი ბახტაძე ფლობს ხონში, გეგიას ქუჩაზე მდებარე 3743.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე 282.10 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.

დეკლარაციის მიხედვით, დედას - მანანა ნანიტაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის ხელფასის სახით 3840 ლარი აქვს მიღებული.

ბახტაძის ოჯახის წლიური შემოსავალი 2016 წელს 293 431 ლარი იყო.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.