თუ პროცესები ასე გაგრძელდება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - მამუკა არეშიძე
თუ პროცესები ასე გაგრძელდება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - მამუკა არეშიძე

A+ A-

14:26 30/08/2019

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანასთან პოსტის დაყენების გამო გადაირია და ჭკუიდან შეიშალა - ღიმილს იწვევს. მათი მწვავე რეაქცია სხვა მოვლენებთან არის დაკავშირებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოვლენები იყოს გეოპოლიტიკურ ჭრილში ან ვთქვათ ისეთი ტიპის, როგორიც არის მოსკოვის შეშფოთება ამერიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო საქართველოში, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულება ექნება, - ასე აფასებს “2020NEWS”-თან საუბარში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებს.

- ბატონო მამუკა, გუშინ სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩაშალეს და ულტიმატუმის სახით ქართული პოსტის დაშლა მოითხოვეს. რას უნდა ველოდოთ?

- დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა მოლაპარაკებების ყველა ფორმატიდან გავიდეს. ეს იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, ჟენევის ფორმატი თუ სხვა. მეორე ნაბიჯი, რაც შეიძლება გადადგას საოკუპაციო რეჟიმმა, ეს არის პროვოკაცია, რომელზეც როგორც ჩანს, უფრო მეტად არიან ორიენტირებულები. უკეთეს შემთხვევაში, ეს იქნება საგუშაგოს მოცილების საკითხი და უარეს შემთხვევაში მასზე თავდასხმა.

ამას ღიად ვერ გაბედავენ, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ, ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს. გააჩნია როგორი დავალება ექნებათ მოსკოვიდან. ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანასთან პოსტის დაყენების გამო გადაირია და ჭკუიდან შეიშალა, ღიმილს იწვევს, რადგან იქ გადამწყვეტი არაფერი ხდება.

როგორც ჩანს მათი მწვავე რეაქცია სხვა მოვლენებთან არის დაკავშირებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოვლენები იყოს გეოპოლიტიკურ ჭრილში, ან ვთქვათ ისეთი ტიპის, როგორიც არის მოსკოვის შეშფოთება ამერიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო საქართველოში, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულება ექნება.

- დღეს მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის. ეს შეხვედრა რამეს შეცვლის?

- წინასწარ რთული სათქმელია. რადგან ეს შეხვედრა იმართება და რადგან მოწინააღმდეგე მხარეც დათანხმდა, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის ძიების საშუალება არის. ჩემი ინფორმაციით, გუშინ ისეთი განწყობა ჰქონდათ, რომ არავითარი შეხვედრები არ სურდათ. როგორც ჩანს, იქ მოხდა კულუარული ჩართულობა ჩვენი პარტნიორებისა და ალბათ ამან განაპირობა თანხმობა.

- რა პოზიცია უნდა დაიკავოს ქართულმა მხარემ?

- ჩვენ ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი არ უნდა დავთმოთ მაგრამ ისტერიკა და აჟიოტაჟი არ არის საჭირო. საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში იქცევა ისე, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება, რომელიც ამ ეტაპზე თავისას არ თმობს და თუ დათმო, ეს იქნება სამარცხვინო. მაშინ პოსტის მშენებლობაც არ უნდა დაეწყოთ.

მართალია მოლაპარაკებებში შესაძლოა გარკვეული კომპრომისების დაშვება, მაგალითად საგუშაგოს გადაწევა-გადმოწევასთან დაკავშირებით, თუმცა სასურველია, რომ პოსტი დარჩეს ისე, როგორც ახლა არის და ამაზე გარკვეული შეთანხმება შედგეს.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 2010 წლიდან ვამბობ, რომ ახალი მიდგომებია საჭირო, ახალი ვარიაციებია დასახვეწი. არ შეიძლება ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთი მონაწილეობდეს არა როგორც მხარე, არამედ როგორც შუამავალი.

შესაცვლელია ის საერთაშორისო დიალოგის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ კონფლიქტის მხარეებთან გვაქვს. იქნება ეს ჟენევა თუ სხვა ფორმატი. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, საქართველოს სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ავტორი: ანა ქორჩილავა