ჩემი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის - სოსო რობაქიძე
ჩემი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის - სოსო რობაქიძე

A+ A-

17:31 24/08/2019

ნებისმიერ მოტივს გამოძიების, რომელიც არ მომეწონება, წავიღებ სტრასბურგში, სასწრაფო წესით, მაგრამ მანამდე იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, ბუტა (ამირან) რობაქიძე 34 წლის გახდებოდა. საფლავზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ.

სოსო რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და „ის ხალხი არ არის დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ“.

„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ის რეჟიმი, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს. ის ხალხი, რომელიც ასეთ რამეს ჩადიოდნენ ხელაღებით, არა რეზინის ტყვიებით, არამედ ნამდვილი ტყვიებით, კლავდნენ ადამიანებს, აღარ უნდა მობრუნდნენ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ვერ მობრუნდებიან.

ახლა არის დაწყებული ბუტას მეორე საქმე, ჩინოვნიკების საქმე. მე მაქვს იმედი, რომ გამოიძიებენ ობიექტურად, მაგრამ მაქვს იმის შიშიც, რომ 25 ნოემბრამდე აქვს ხანდაზმულობა და ხანდაზმულობამდე არ მივიდნენ.

მივმართავ პროკურატურას და მის თანამშრომლებს, რომ გამოიძიეთ საქმე. მე არ მომწონს დღევანდელი სიტუაცია, არ არის ის ხალხი დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ. ეს ხალხია ღვინიაშვილი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. ლევან გვაზავა, რომელიც იყო სამმართველოს პოლიციის უფროსი, ირაკლი წერეთელი, რომელიც იყო დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი, ვანო ბერაძე, ირაკლი ოქრუაშვილი - რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი და ადეიშვილი, დავით ბედია, რომელიც იყო სოდ-ის სამმართველოს უფროსი და ახლა გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში ციხეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. მე ერთი რაღაც მიკვირს, ეჭვიმიტანილ ხალხს, რომელიც დაშაულის ადგილზე იყვნენ მაშინ, რატომ აწინაურებენ?“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

გარდაცვლილის დედამ  ია მეტრეველმა, სოციალურ ქსელში შვილს ემოციურ პოსტი მიუძღვნა.

„24 აგვისტო არის ჩემი უდიდესი ბედნიერების და უსაზღვრო უბედურების დღე, რადგან დღეს, ჩემი ბუტიკოს დაბადების დღეა, რომელიც 34 წლის უნდა გამხდარიყო დღეს, ის კი მარად 19 წლის დარჩა, ჯალათი სააკაშვილის ბოროტი სურვილების გამო. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისს და საქართველოს დააკლდა, ერთი კარგი , ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ნამდვილი, კაცური კაცი იქნებოდა დღეს. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი მდგომარეობა და არც არის საჭირო სხვას მოვახვიო ჩემი ტრაგედია თავს, ისედაც დამძიმებულ ცხოვრებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჯერ ,დედა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მის შვილს უბედურება ელოდება. ყველა დედას, მინდა დავულოცო შვილები და ვუსურვო არასდროს გამოსცადონ ის უბედურება, რაც მე გამოვიარე”, - წერს ია მეტრეველი.

შეგახსენებთ, 2004 წლის 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე 19 წლის ბუტა რობაქიძე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.