დარწმუნებული ვარ, გამოძიებას “ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე გავლენა არ ექნება - ჩუგოშვილი
დარწმუნებული ვარ, გამოძიებას “ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე გავლენა არ ექნება - ჩუგოშვილი

A+ A-

13:46 24/08/2019

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელისთვის მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში ბრალის წარდგენას „ტვ პირველის“ საქმიანობაზე გავლენა არ ექნება.

„ჩემი პირადი მოლოდინი არის და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა, გავლენა ტელევიზიის მაუწყებლობაზე არ იქნება და ვერ იქნება.

რაც შეეხება საქმეს, როგორც ვიცი, ეს არის დაკავშირებული ე.წ. „თიბისის“ საქმის გამოძიებასთან და გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებთან, რომელიც გამოძიებამ მიიჩნია უკანონოდ და ყველამ ვიცით და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საკმაოდ დეტალებში მიჰყვება საზოგადოება ამ საქმის განვითარებას და შესაბამისად, ინფორმაციის დანაკლისი არ არის. ტელევიზიას ამას არ დავუკავშირებდი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შეფერხება და ხელის შეშლა ტელევიზიის საქმიანობაზე ამას არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა პროკურატურის დაინტერესება ხელს ანაკლიის პორტის მშენებლობას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება, პოტენციურად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.