“ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს
“ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

A+ A-

13:03 24/08/2019

პარტია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საკითხზე გამოძიების შეწყვეტას უსაფუძვლოს უწოდებენ და უახლოეს პერიოდში პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა განაცხადა, ჯგუფის შექმნის შემდეგ, პარტია კერზაიას საქმის თაობაზე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. „ამ საქმეში ბრალი ედება განათლების სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს, ასევე ფიგურირებს გიორგი გახარია, რომელიც არჩევნების დროს სამეგრელოში იყო მივლენილი. კერზაიას საქმე პირდაპირ ასახავს, პოლიტიზებულ სიტუაციას, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი. განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად, რაც გამოვლინდა ია კერზაიასსაქმეშიც”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმე ეხება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.