როდესაც ია კერზაიას ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა - ჩუგოშვილი
როდესაც ია კერზაიას ოჯახის წევრებს  აქვთ განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა - ჩუგოშვილი

A+ A-

12:37 24/08/2019
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას პოზიციას გამოეხმაურა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიების დეტალები არ იცის.

„თავად პროკურატურამ უნდა ისაუბროს იმ არგუმენტებზე, რაც მან მოიყვანა. მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა - როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს ძალიან სამწუხაროა და პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოლოდინებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო.