ვინ მიდის და ვინ რჩება “რუსთავი 2“ - ში?
ვინ მიდის და ვინ რჩება “რუსთავი 2“ - ში?

A+ A-

20:48 21/08/2019

„რუსთავი 2“ ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა საკუთარი სურვილით დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ აზრზე არიან და ტოვებენ  ადგილს, რომელიც მათთვის მშობლიური იყო.

მას შემდეგ, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ  არხის საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე არხიდან გაათავისუფლა,  და გიორგი გაბუნიას, ნანუკა ჟორჟოლიანის და ეკა კვესიტაძის წასვლა დააანონსა, „რუსთავი 2“-დან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს თამარ ბაღაშვილმა,  დავით ქაშიაშვილმა, ნათია გოგსაძემ, ნინო სამყურაშვილმა, ნინო გაზდელიანმა, ნათია ტრაპაიძემ. მოკლედ ჟურნალისტებმა, რომლებიც „კურიერს“  ქმნიდნენ, გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს.

მათი უმეტესობა საკუთარ მომავალს ნიკა გვარამიას არხზე ხედავს. გვარამიას არხი კი ეთერში ოქტომბერში გავა. 

„რუსთავი 2“ - დან წასვლის გადაწყვეტილების მიიღებას არ ჩქარობენ  „კომედი შოუს“ მსახიობები. ყველა მათგანი შვებულებაშია და მედიასთან აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

“კომედი შოუს“ მსგავსად არ იციან, გააგძელებენ თუ არა პაატა სალიასთან ერთად მუშაობას „სხვა შუადღის“ გუნდი, ისინი რამდენიმე დღეში გეგმავენ თათბირს და და საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ მაშინ მიიღებენ. 

ამ დრომდე არხზე მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია მაია ასათიანს. „პროფილის“ წამყვანი შვებულებაშია და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 

„რუსთავი 2“ -ზე დღეს „კურიერი“ ეთერში არ გასულა. მსგავსი შემთხვევა არხის ისტორიაში არ ყოფილა.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსაათიანი „კურიერი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიმართვით უნდა გასულიყო პირდაპირ ეთერში. თუმცა სალიამ ეთერში შესვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საკუთარ კაბინეტში გადაინაცვლა.

როგორ განვითარდება „რუსთავი 2“ - ში მოვლენები, რომელიც ფაქტობრივად რუსთავი 2-ის გარეშე დარჩა, ალბათ ძნელი გამოსაცნობია.

შესაძლოა, საქართველოს უახლესი ისტორიის „შემქმნელი“ ტელევიზიის უკანასკნელ  დღეებს ვადევნებთ თვალს.