“საბურთალოს“ პრეზიდენტი უეფას “არარატ-არმენიასთან“ მატჩის გამოძიებას სთხოვს
“საბურთალოს“ პრეზიდენტი უეფას “არარატ-არმენიასთან“ მატჩის გამოძიებას სთხოვს

A+ A-

10:38 16/08/2019

“არარატ-არამენიასთან“ თბილისური მატჩის წაგების შემდეგ, კომენტარი „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა აგორებულ ჭორებზეც გააკეთა, თითქოს, კლუბმა გარიგებული თამაში ჩაატარა.

მისი თქმით, ამის შესახებ უეფას ოფიციალური წერილით მიმართავს, რათა გამოძიება დაიწყოს.

„ერთ მხარესაა უეფას უდიდესი ბონუსები, რაც ჩვენს ბიუჯეტს საგრძნობლად გაზრდიდა და მეორეს მხრივ ჩაწყობილი თამაშები. არც ერთი ჭკუათმყოფელი უეფას ბონუსებზე უარს არ იტყვის. მაგრამ ჩვენ ამ ცილისწამებით ერთ დღეში ხაზი გადაგვისვეს. ყველა კითხვა რომ მოიხსნას, მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით და ხვალ უეფას შესაბამის ორგანოებს მივმართავ, რომ დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ფედერაციის ძველ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ჩვენი პატიოსნება ეჭვქვეშ მათაც არ დაუყენებიათ და არავის აქვს უფლება, მსგავსი რამ დაგვაბრალოს“, – აცხადებს ხეჩიკაშვილი.

ხეჩიკაშვილი ასევე მარცხის გამო გულშემატკივარს ბოდიშს უხდის.

„ჩვენ არ გვქონდა უფლება, ეს იმედი არ გაგვემართლებინა – ხალხს გული უზომოდ ვატკინეთ და წლები დაგვჭირდება, ეს სირცხვილი რომ ჩამოვიშოროთ. რაც მოხდა, ამისთვის გულშემატკივრებს და საქართველოს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს უპირველესად ჩვენთვის იყო დიდი დარტყმა. მესმის კრიტიკა და კითხვები, შემადგენლობაზე. რატომ არ გავძლიერდით. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რომ შემდგომში მსგავსი რამ არ განმეორდეს“, – ამბობს ხეჩიკაშვილი.

მისი თქმით, კლუბში ცვლილებები იგეგმება – „ხვალ შევიკრიბებით და ცვლილებები ყველა დონეს შეეხება, სადაც საჭიროა, რომ კლუბი უფრო წარმატებული იყოს. ფაქტია, რომ ამ წაგების გამო ხალხს კი გული ასე ვატკინეთ და გულშემატკივრებთან და საქართველოს წინაშე ვალში ვართ, რომლის გადახდაც დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს. ამიტომ რა ცვლილებებიც საჭიროა, განვახორციელებთ“, - განაცხადა “საბურთალოს“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო“ შინ ერევნის “არარატ-არმენიასთან“ 0:2 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში თბილისელებმა 2:3 წააგეს და ევროპის ლიგას გამოეთიშნენ.