დავით კეზერაშვილის ტელევიზიას ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც დააფინანსებს?
დავით კეზერაშვილის ტელევიზიას ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც დააფინანსებს?

A+ A-

15:07 02/08/2019

“2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დავით კეზერაშვილის ახალი ტელევიზიის ერთ-ერთი თანადამფინანსებელი შესაძლოა, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყოს. იაკობაშვილი ერთ-ერთი საინტერესო ბიზნესმენია, მსხვილი კაპიტალით და კარგი კავშირებით მსოფლიოს მასშტაბით.

“2020NEWS“ წყაროს ცნობით, დავით იაკობაშვილს და დავით კეზერაშვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მეტიც, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დავით იაკობაშვილი დავით კეზერაშვილს ძალიან დაეხმარა, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაც არიდებოდა და საკუთარი კაპიტალიც გადაერჩინა.

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ ბილ დან“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2001-2010 წლებში იგი ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

დავით იაკობაშვილი ამჟამად შპს "ორიონსერვის“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს "პეტროკას ენერჯი ჰოლდინგი“-ის თანამფლობელი, სააქციო-საფინანსო კორპორაცია "სისტემა“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.

იგი ასევე არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ოგრანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. დავით იაკობაშვილი არის რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი ბიუროს წევრი, ამ კავშირის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და დემოგრაფიული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეთიკის გაერთიანებული კომისიის თავმჯდომარე, ასევე, "ბ20“ მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება და ინვესტიციები ადამიანურ რესურსში.

იგი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი ორგანოს წევრიცაა, რუსულ-ამერიკული ბიზნეს თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტი, ორგანიზაცია "რუსბრენდ“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს "საქმიანი რუსეთი“-ს გენერალური საბჭოს წევრი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წევრი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო საბჭოს წევრი. გარდა ამისა, დავით იაკობაშვილი რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრია.

იგი ასევე, ინტელექტუალური საკუთრების საკოორდინაციო საბჭოს წევრიცაა. გარდა ამისა, ბიზნესმენი დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ზარდახშების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრია. დავით იაკობაშვილი მრავალი საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს წევრია:

მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის სტიპენდიის ფონდის, საქველმოქმედო საზოგადოებისა "მარიამ“, ბავშვთა სახლის „საოჯახო აღზრდის პანსიონი“, შეჭირვებულ და რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ბავშვთა დახმარების ფონდის, სახელმწიფო ერმიტაჟის, რუსეთის ხელოვნებისა და ხელნაკეთობების მუზეუმის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის, რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირთან არსებული ბიზნეს სკოლისა, და რუსეთის სამხედრო ისტორიის საზოგადოებისა.

აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ეს "კარგი ურთუერთობა" კვლავ გრძელდება თუ არა, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, გუშინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიის შექმნა დაანონსა და განაცხადა, რომ ახალი სატელევიზიო პლატფორმა თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს დაიცავს.