მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება შეუძლებელი და წარმოუდგენელია - ნიკოლოზ ჩიქოვანი
მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება შეუძლებელი და წარმოუდგენელია - ნიკოლოზ ჩიქოვანი

A+ A-

19:53 17/05/2019

"მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია დღევანდელ პირობებში“ - ამის შესახებ "2020NEWS-ს"  "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, კომპანია თანახმა იყო დაეკმაყოფილებია თანამშრომლების ყველა მოთხოვნა, თუმცა ხელფასის 50%-ით გაზრდა, შეუძლებელია.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროელებთან ვერ შევთანხმდით ხელფასზე.  მათი მოთხოვნა იყო ხისტად 50%-ით ხელფასის გაზრდა, რომლის მომატებაც წარმოუდგენელია დღევანდელ პრირობებში, რადგან ამ საწარმოში მუშაობს 3300 თანამშრომელი.

ჩვენ შევთავაზეთ 15%-მდე ზრდა, რომელზე მუშაობასაც ახლავე დავიწყებდით და სამომავლო გეგმებსა და შემდგომ ნაბიჯებს მუშაობის პროცესში გადავდგამდით, თუმცა მათი მხრიდან შეთანხმებაზე თანხმობა ვერ მივიღეთ.

მე მათ ასევე შევთავაზე მეორე გზა რომ, მოეცათ დრო ოთხშაბათამდე, რათა შევხვედროდი მთავრობის წარმომადგენლებს, მენეჯმენტს, აქციონერებს, რომ დაგვეგეგმა და გვეპოვა გზები, თუ როგორ შეიძლებოდა მოგვემატებია იმაზე მეტად ხელფასი, ვიდრე შვენ შევთავაზეთ. თუმცა მაღაროელებმა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადეს და უკიდურესი პროტესტის ზომებს მიმართეს", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა „2020NEWS"-თან საუბრისას.

ჩიქოვანის განცხადებით, როდის აღდგება ჭიათურის მაღაროში მუშაობა ამ დრომდე უცნობია.

"ამ ეტაპზე რთულია ვისაუბრო როდის შეიძლება აღდგეს ჭიათურის მაღაროს მუშაობა, ჩვენ ვცდილობთ უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ პრობლემა და ალტერნატიული გზებით შევძლოთ სიტუაციის მოგვარება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები 15 მაისს გაიფიცნენ. გაფიცულთა მოთხოვნებია ხელფასის 50%-ით გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება.

დღეს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად მთავრობის წევრები, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ჭიათურის მაღაროს თხუთმეტმა მუშამ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა.