თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ
თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ

A+ A-

19:18 02/05/2019

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში 13/02/18 გამოქვეყნდა და დღეიდან შევიდა ძალაში - უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას აეკრძალა და არ მიეცემა საშუალება, ჯარიმის გადაუხდელად, დატოვოს ქვეყანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს და შესაბამის უწყებებს მიმართავს.

"აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების თანახმად, საკმაოდ სოლიდურია საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და შესაძლოა, აღნიშნულმა ცვლილებამ, სამშობლოში დაბრუნებისას, დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს.

ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო და მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, აღნიშნულის შესახებ აცნობონ საქართველოს კომპეტენტურ და დაინტერესებულ სტრუქტურებს, რათა მოხდეს ხსენებული ინფორმაციის ფართოდ გავრცელება ქართული მედია საშუალებებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ 2019 წ. 1 მაისიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმები, ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში
და შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხდება ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის გარეშე.

P.S. თურქეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთ-ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კაფიკულე“-ზე, მხოლოდ 2019 წლის 1-2 მაისს, ამოღებულ იქნა 1 მილიონ 200 ათასი თურქული ლირა", - აცხადებენ საკონსულოში.