თბილისს ბორის ეიფმანის დასი ეწვია
თბილისს ბორის ეიფმანის დასი ეწვია

A+ A-

16:17 22/04/2019

 თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალის - „თბილისი რიტმი“ 2019 წლის სეზონს მსოფლიოში სახელგანთქმული „ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო თეატრი სპექტაკლით - „როდენი, მისი მარადი კერპი“ გახსნის. 56-წევრიანი საბალეტო დასი თბილისს 21 აპრილს სრული შემადგენლობით ეწვია. სპექტაკლები 22 და 23 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება. ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია მაყურებელს ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას ეძღვნება, რომელმაც 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.