ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა
ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა

A+ A-

13:10 19/10/2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა  არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე  უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში გადმოსცემენ, ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადასცემენ.

ჯიოევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.