პროკურატურა ჩემი შვილის მკვლელობის იმ პირზე გადაბრალებას ცდილობს, რომელსაც ეს მკვლელობა არ ჩაუდენია - ზაზა სარალიძე
პროკურატურა ჩემი შვილის მკვლელობის იმ პირზე გადაბრალებას ცდილობს, რომელსაც ეს მკვლელობა არ ჩაუდენია - ზაზა სარალიძე

A+ A-

17:33 02/04/2019

მთავარი პროკურატურა ჩემი შვილის მკვლელობის იმ პირზე გადაბრალებას ცდილობს, რომელსაც ეს მკვლელობა არ ჩაუდენია. ამის შესახებ "2020NEWS"-ს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

როგორც სარალიძე აცხადებს, ამ საქმეში ბრალდების მხარის მიერ ახალი მოწმის შემოყვანა და ამ მოწმის ჩვენება, მ.კ-სთვის ხელის დაფარებას ემსახურება.

"პროკურატურა ახალი მოწმის ჩვენებით ცდილობს ყველაფერი გ.ბ.-ს გადააბრალოს. გამომძიებლები ცდილობენ პირვანდელი მოცემულობა, რაც პირველ ინსტანციაზე იყო, ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ ეს არ გაუვათ, გამორიცხულია. თქვენ იცით, რომ მათ სასამართლოში ახალი მოწმე წარმოადგინეს. ნახეთ რას ამბობს ეს მოწმე თავის ჩვენებაში, მცირე ამონარიდს წაგიკითხავთ: მ.კ-მ ეზოში შემოსვლიდან დაახლოებით ერთ წუთში ამოიღო დაკეცილი დანა, რომელიც როგორც მახსოვს, იყო შავი ფერის. მან დანის ტარი აჩვენა ბიჭებს.

დანის ტარს იმიტომ ვამბობ, რომ მე დანის პირი არ შემიმჩნევია და ვერც გამოვრიცხავ, რომ პირი ჰქონდა, - ამას ამბობს მოწმე და ადვილი წარმოსადგენია, ხომ პროკურატურას ასეთი ჩვენება რატომ სჭირდება? - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები პროკურატურის ზეწოლის ქვეშ არ მოექცევიანა", - აცხადებს სარალიძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბრალდების მხარემ ახალი მოწმე ლ.ნ. წარადგინა, რომლის ჩვენების საფუძველზეც, სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გ.ბ.-ს მიერ დანის გამოყენება დასტურდება. შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.