"ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელად თამარ ჩუგოშვილს ამზადებს"
"ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელად თამარ ჩუგოშვილს ამზადებს"

A+ A-

18:51 27/02/2019

 

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელად თამარ ჩუგოშვილს ამზადებს. ამის შესახებ "2020NEWS"-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობაში დაწყებული რღვევის პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლებით და ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას საპარლამენტო უმცირესობის დაშლით დასრულდება.

"2020NEWS"-ის წყაროს ცნობით, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი ჯერ კიდევ პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს დადგა, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა "გოგლი მოგლიზე გაზრდილი ბიჭების" უფროსის გადაყენება გადაიფიქრა.

საგულისხმოა, რომ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები უკვე ალაპარაკდნენ ირაკლი კობახიძის ინპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.

ირაკლი კობახიძის გადაყენების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ის უკმაყოფილება გახდება, რომელიც უმრავლესობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ორწელიწადნახევარში დაგროვდა. ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძეს ამ მდგომარეობამდე საქმე არ უნდა მიეყვანა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ კრიტიკის საფუძველი არსებობს და არ არის გამორიცხული, მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.

"უკვე ისეთი სურათია, უკვე აქამდეც, რომ მივიდა ეს პროცესი და უკვე ასეთი სამდურავი ისმის მის მიმართ და პარლამენტი, როგორც  საპარლამენტო  რესპუბლიკის მთავარი ხერხემალი, როდესაც დგას რეპუტაციულად რისკის ქვეშ, უკვე სერიოზული პრობლემაა. აქამდეც არ უნდა მიეყვანა მას საქმე,“-განაცხადა დღეს ეკა ბესელიამ. კითხვაზე ხედავს თუ არა ის პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის აუცილებლობას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამის საფუძველი არსებობს.

"სამდურავის და კრიტიკის საფუძველი არის და ვნახოთ რა პროექტის ინიცირებას მოახდენს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ნამდვილად საფუძველი არის. მივყვეთ მოვლენებს. ჯერჯერობით, მე სამართლებრივ პროცედურებს მივყვები,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კობახიძის თანაგუნდელებს კი იმპიჩმენტზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნიათ.

იმპიჩმენტზე საუბარი ძალიან არასერიოზულია. ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებს, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.

"რაღაც მიზანი ლეგიტიმური შეიძლება გამოძრავებდეს, მაგრამ ამ მიზნისკენ არ უნდა იარო არაკონსტიტუციური კანონის დაინიცირების გზით ერთის მხრივ და შემდეგ რაღაც ულტიმატუმების წაყენებით, რომ თუ მე არ დამიჭერთ მხარს, ამ ინიციატივაში მე დავტოვებ უმრავლესობას. მე ვარ იმ ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელშიც 60 ადამიანია და ბუნებრივია ალბათ ჩემი მისამართითაც არის წამოსული ეს პრეტენზია, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ასეთ თემებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ჩვენ თუ შევალთ იმ თემებში რომ  ყოველ დღე ეკა ბესელია რაღაცას იტყვის და მერე არასერიოზულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარები უნდა  ვაკეთოთ,  საქმე დაგვრჩება გვერდზე,“ - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

რამდენად არასერიოზულია ეს თემა, მამუკა მდინარაძეც და საზოგადოებაც უახლოეს მომავალში გაიგებს. როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ირაკლი კობახიძისთვის წამზომი უკვე ჩართულია.

"2020NEWS" თამარ ჩუგოშვილსაც დაუკავშირდა. ჩუგოშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა "2020NEWS"-ს განუცხადა: "არ განიხილება არც პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი და შესაბამისად, არ შემცვლელის თემა. ნამდვილად პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია".

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედება, როგორიც არის: ა) საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა; ბ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს.