"ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ მის ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება სურდათ"
"ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ მის ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება სურდათ"

A+ A-

15:08 20/02/2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას დამოკიდებულებას არაკოლეგიალურს უწოდებს და აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და მას რეგლამენტი არ დაურღვევიათ.

მისივე განცხადებით, ბესელიამ უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა, თუმცა ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად, უხერხულია ასე საუბარი.

"არ არის კოლეგიალური დამოკიდებულება. ვინც კოლეგებთან ასე საუბრობს, ვურჩევ, რომ არ წაადგება კოლეგიალურ მუშაობას. არ მაქვს სურვილი, მსგავს პაექრობაში შევიდე. შემიძლია ვთქვა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა. ვმოქმედებთ რეგლამენტის შესაბამისად. იურისტები ვართ და თუ იურისტი სვამს ასეთ კითხვას, სულ მცირე, უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა. ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად, უხერხულია ასე საუბარი. ბიუროს წარედგინება დასკვნა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეადგინა. როგორც კი ჩაინიშნება, ბიუროს ექნება აღნიშნული დასკვნა“, – განაცხდა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი ვერ პასუხობდა მიზანს, რომ მის ავტორებს უკეთესი სასამართლო სისტემის მიღება სურდათ.

„აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებიდან რამდენიმე არიან უშუალოდ ავტორები იმისა, რომ უვადოდ დანიშვნები არის გამართლებული. ხომ არ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ მათ მიერვე მხარდაჭერილი კანონები აღარ მოსწონდეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, რაზეც ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ჯერაც არ არის ხელმოწერილი და ამ დრომდე, კომიტეტს ბიუროსთვის დასკვნა და მასალები გაგზავნილი არ აქვს, რაც მისივე შეფასებით, რეგლმანტის დარღვევაა.

შეგახსენებთ, კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.