ჭიათურის პოლიციის სკანდალური შეფი თანამდებობიდან გადააყენეს
ჭიათურის პოლიციის სკანდალური შეფი თანამდებობიდან გადააყენეს

A+ A-

11:21 19/02/2019

ჭიათურის რაიონის პოლიციის სკანდალური შეფი თანამდებობიდან გადააყენეს. ლაშა ჩხიტუნიძე ფილიმონ ბარათაშვილმა შეცვალა.

როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ჭიათურის პოლიციის უფროსი, რომლის შეცვლასაც ქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვდა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობდან გაათავისუფლეს.

"2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია ჩხიტუნიძის გადაყენებისა და აბრამიშვილის დანიშვნის შესახებ და ამ საკადრო ცვლილების მოტივად გახარიას უწყებაში როტაცია დაასახელეს, თუმცა რა როტაციაზეა საუბარი ან როტაცია რა შუაშია, სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, სად გააგეძელებს მუშაობას ჩხიტუნიძე.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის რაიონის პოლიციის უფროსს ქალაქის მოსახლეობასთან და განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან, ურთიერთობა ერთი წლის წინ დაეძაბა. გასულ წელს ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის მოთხოვნით, ჭიათურაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ახალგაზრდებმა პოლიციის შენობის წინ გასული წლის ოქტომბერში პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართეს. მოგვიანებით, რამდენიმე მათგანმა პირი ამოიკერა.

პროტესტის მიუხედავად, გიორგი გახარიამ მაშინ საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება არ მიიღო და ამის მიზეზად "2020NEWS" ინფორმირებულმა წყარომ  ის გარემოება დაასახელა, რომ ჩხიტუნიძეს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე ლობირებდა.