“სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურად მარტოხელაა და ასეთი იყო 2012 წლიდან”
“სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურად მარტოხელაა და ასეთი იყო 2012 წლიდან”

A+ A-

12:55 17/10/2018

ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო ინტერვიუ ბოლო ორ წელიწადში. ნაწილობრივ კმაყოფილი, ნაწილობრივ იმედგაცრუებული, თავის მართლების რეჟიმში მყოფი ყოფილი პრემიერი, რომელიც თითქოს კი გამოხატავდა რომ ყველაფერი იცოდა და ესმოდა, თუმცა ამ ფრთხილ ფრაზებს შორის მაინც ჩანდა შერყეული რწმენა, განსაკუთრებით თავისივე რჩეულების მიმართ. სტანდარტული თავდაცვა – რომ ყველაფერი, რაც ცუდი ხდება, სხვისი ბრალია. ბოლო წლების პრობლემების ერთადერთ წყაროდ, ჩანს, ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ მხოლოდ ოპოზიციის დასახელება სრულიად არაკონტექსტუალური იქნებოდა და მას მიემატა ახალი მიზეზები, „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკების სახით – კერძოდ, კი, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის სახით.

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, უკვე რამდენი ხანია, პირდაპირი გაგებით ვებრძოდი გიორგი კვირიკაშვილს და ერთ-ერთი პირველი მოვითხოვდი მის გადადგომას, ამასვე ვურჩევდი მათ შორის ივანიშვილს, რომლისთვისაც პრაქტიკულად მიუღებელი იყო ყველანაირი განსხვავებული აზრი, როდესაც საქმე მისი ერთგვარი შემოქმედების – „ქართული ოცნების“ დაწუნებას ეხებოდა, ცალსახად, პრობლემების ერთადერთ წყაროდ კვირიკაშვილის ხსენება, ჩემთვისაც კი სრულიად მიუღებელია.

გიორგი კვირიკაშვილისადმი ბრალდებებში ბიძინა ივანიშვილს არსად უხსენებია თავისი თავის კრიტიკა, თავისი გადაწყვეტილებების სიმცდარე, არსად უხსენებია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობა. ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა გუნდურ ვალდებულებად არ ჩათვალა, არც თავის წილ პასუხისმგებლობაზე თქვა რამე და განსაკუთრებით არც “ქართული ოცნების” პარლამენტისა, რომელსაც აქვს მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქცია. ჩემთვის შეკითხვა დარჩა – რატომ არ დააყენა პარლამენტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა? იქნებ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთავარ იმპერატორად მოჩანს, სინამდვილეში კიდეც იქით ეშინია “ქართული ოცნების” იმ მოცემულობისა, რაც თავადვე შექმნა?

“ქართული ოცნების” წევრები დღეს აღფრთოვანებულები წერდნენ, ივანიშვილმა რა კარგად დაიცვა თავიო. არცერთ მათგანს არ დაუსვამს კითავ – თავად სად იყვნენ, “გასუსულები” რომ სარგებლობდნენ ბიძინას ლანძღვით? მმართველი ძალის წევრებს არც ის უთქვამთ დღეს, რატომ უტოვებს “ქართული ოცნება” მთელ პასუხისმგებლობას ივანიშვილს? ხოლო ივანიშვილს არაფერი უთქვამს,  სადაა თავისი შეცდომები ამ პროცესში?

ბიძინა ივანიშვილის გავლენა დღეს საჭიროზე ბევრად მეტია და როცა გავლენა მისდამი ნდობას ჩამორჩება? მერე რა ხდება? მერე გავლენის ხელოვნურად შენარჩუნების და მატების ძალისხმევა იზრდება, ნდობა კი უფრო და უფრო ქვევით ეცემა. მერე რა ხდება?

ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა საქართველოს, ასე ვთქვათ, „უზომო დემოკრატიაზე“. როგორც ერთ პოლიტოლოგს და ჟურნალისტს, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა მას – საქართველოში დემოკრატია არაა ბატონო ბიძინა, ნურც თავს იტყუებთ და ნურც ჩვენ გვატყუებთ. ნაკლები სისასტიკე დემოკრატიას არ ნიშნავს. არც თავისუფლებაა, სახელისუფლებო მანქანებიც კვლავინდებურად ებრძვიან თავისუფლებას, უბრალოდ, ფორმა შეცვალეს.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურად მარტოხელაა და ასეთი იყო 2012 წლიდან, მისი გარემო ივანიშვილში ხედავდა საკუთარი ინტერესების განხორციელების საშუალებას, ეს იყო სულ… მიუხედავად მცდელობისა, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გუნდშიც კი არ სცემენ პატივს, თავის ინტერვიუში ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  თავადვე აღიარა.

არჩილ გამზარდია, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი, ტელეწამყვანი