“მამუკა ბახტაძე – ქართული პოლიტიკის ჩვევად ქცეული სნობიზმითა და აცდენილი აქცენტების პროპაგანდით დაწყებული პრემიერობა”
“მამუკა ბახტაძე – ქართული პოლიტიკის ჩვევად ქცეული სნობიზმითა და აცდენილი აქცენტების პროპაგანდით დაწყებული პრემიერობა”

A+ A-

12:54 17/10/2018

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე – კვირიკაშვილი ორი თუ უბრალო დამთხვევა? პრემიერი ბახტაძე, რომელიც იმ ეკონომიკურ პოლიტიკას ამართლებს, რომელსაც წინა პრემიერი კვირიკაშვილის თანამდებობა შეეწირა. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, მაშინ როდესაც გადადგომის წინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, ფუნდამენტური უთანხმოება პარტიის თავმჯდომარესთან და გუნდთან ეკონომიკური პოლიტიკის გამო მაქვსო.

კვირიკაშვილთან მსგავსების მეორე ნაწილი კვლავ ავტოპარკის თემას ეხება, კვირიკაშვილის მსგავსად, ბახტაძის რიტორიკაც თავისებურად “ანტიჯიპურია“, მართალია, ბახტაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს ჯიპების ფერადოვნებით დაკავდა თუ ჯიპების მოდელებით, თუმცა რიტორიკაში ფაქტია, რომ ბახტაძე აქტიურად ბაძავს კვირიკაშვილს, ალბათ, მალე ბახტაძესაც ვნახავთ ეგრედ წოდებულ მიკროავტობუსით ან გზაზე რომელიმე ვითომდა შემთხვევით გაფუჭებული ავტომობილის მიმწოლად.

ჩვეულებრივი ბანალური პროპაგანდისტული რიტორიკა, რომლითაც მამუკა ბახტაძემ დაიწყო პრემიერ-მინისტრობა. მმართველი გუნდი კი, როგორც ჩვეულია, მისით აღფრთოვანებას ვერ მალავს, ზუსტად ისევე, როგორც აღფრთოვანებული იყო ღარიბაშვილით და კვირიკაშვილით, აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე.

ახალი პრემიერის შემდეგ ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა „მცირე მთავრობის“ კონცეფცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ძველი თუ უცნობი სახეების მოტივირებულობა. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცნობია, თუმცა ვის დარჩენაზე ან წასვლაზეც მიდის საუბარი, არსებითად გაუგებარია. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი მიჰყვება კლასიკურ ფორმულას, რომ საქართველოში დასრულებული უმაღლესისა და საქმიანი გამოცდილების მქონე ადამიანები მიუღებელია მისთვის. შეიძლება ითქვას, მამუკა ბახტაძე ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს პოლიტიკური სნობიზმის აქამდე არსებულ პრაქტიკას.

იმ დროს, როდესაც არსებითად გაუგებარია, რას ემსახურება სამინისტროების შემცირება, როგორ დაიზოგება დაახლოებით 120 მილიონი თუ მთავრობა კადრების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ გეგმავს, ან რატომ ეძახის პრემიერი ოპტიმიზაციას არა საკადრო, ადმინისტრირების ან მართვის ეფექტიანობის მიღწევას, არამედ მხოლოდ ფინანსების სიმბოლურ ეკონომიას, ისიც ჯერ კიდევ გაუგებარი ფორმულებით?

“ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მუდმივი რეალობა – გახშირებული კრიმინალი და დამძიმებული სოციალური ფონი, უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვა – ვინ მოკლა დავით სარალიძე და რა ხდება ათობით მსგავს საქმეზე, რომელიც სამწუხაროდ, დიდი რეზონანსის მქონე საქმეები არც გამხდარა. პრემიერი დღევანდელ ბრიფინგზე გამოვიდა კონდიციონერებზე სასაუბროდ, თუმცა პრაქტიკულად არაფერი უთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობასთან დაკავშირებით, არაფერი უთქვამს ქართველი მესაზღვრეები გატაცებაზე და ა.შ.

“ქართული ოცნების“ პრემიერი N4 – არის თუ არა ის კვირიკაშვილი N2?! პრემიერი ბახტაძე – ჩვევად ქცეული პოლიტიკური სნობიზმითა და აცდენილი აქცენტების პროპაგანდით – განახლებული მთავრობის განახლებული პრემიერის სავიზიტო ბარათი.

არჩილ გამზარდია, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი, ტელეწამყვანი