ძიუდოისტი შაქრო შათირიშვილი იტალიის თასის მოგებისთვის იბრძვის
ძიუდოისტი შაქრო შათირიშვილი იტალიის თასის მოგებისთვის იბრძვის

A+ A-

18:50 16/04/2022

ქართული ძიუდოს ახალგაზრდა ვარსკვლავი იტალიის ძიუდოს რეიტინგის პირველობისთვის იბრძვის.

22 აპრილს კოპა იტალიას ტურნირზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოსტი შაქრო შათირიშვილი მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მიდის.

„დიდი ხანი არ არის, რაც იტალიაში ჩამოვედი. ქალაქ ბარში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და ვვარჯიშობ. ისე მოხდა, რომ ემიგრაციაში წამოსვლა მომიხდა, მაგრამ მალევე დავიწყე ვარჯიში. კოპა იტალიას ტურნირში მონაწილეობის უფლება რომ მომეპოვებინა, თავიდან სამი შეხვედრა მოვიგე, მერე ინტერნაციონალური ტურნირის 3 შეხვედრა მოვიგე და უკვე ვემზადები კოპა იტალიას ტურნირში მონაწილოებისათვის. 22-ში რომში ვიჭიდავებ, შემდეგი შეჯიბრი მაისში და ივნისში გაიმართება.

წინასწარ რამის თქმა ძნელია, მაგრამ მე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვმონაწილეობ ამ ტურნირში. თუ დარჩერნილი სამი ტურნირიც მოვიგე, მაშინ ჩემ წონით კატეგორიაში რეიტინგის პირველი ნომერი ვიქნები და მოვიგებ იტალიის თასს. ვნახოთ რა გამოვა, ვარჯიშისთვის და შესაბამისად, გამარჯვებისთვის აქ ყველა პირობა მაქვს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს და ჩემს გუნდს „სან ნიკოლას“, - განუცხადა „2020NEWS“-ს შაქრო შათირიშვილმა.



„მუდამ აღმოჩენებზე ვმუშაობ. ესეც ჩემი ახალი აღმოჩენა - იტალიური ძიუდოს ამომავალი ქართველი ემიგრანტი ვარსკვლავი შაქრო შათირიშვილი. მას უნდა ვიცნობდეთ, განსაკუთრებით ბარელი ემიგრანტი ქართველები. ამ ვაჟკაცზე საუბრობს იტალია. ამ ქართველი ვაჟკაცით ჩვენ მალე ძალიან ვიამაყებთ“, - წერს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ძიუდოისტს სამშობლოშიც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შათირიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ახალგაზრდა ძიუდოსტმა მაშინ მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

„მსოფლიოზე და ევროპაზე ბრინჯაოს მედლისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დავმარცხდი. სპორტში ყველაფერი ხდება და ჯერ ყველაფერი წინ არის. ახლა აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იტალიის თასი მოვიგო“, - აცხადებს შაქრო შათირიშვილი.

შაქრო შათირიშვილი წლების განმავლობაში, საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების პირველი ნომერი და ძირითადი ნაკრების მე-3 ნომერი იყო.