კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა

A+ A-

14:52 04/03/2022

სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლევან წულაძე დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა და მასში მხოლოდ მოცემულმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, რის საფუძველზეც ლევან წულაძის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს ლევან წულაძის კანდიდატურას და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა წარედგინათ სამინისტროსთვის. შედეგად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია.