ტორესა მოსის შემდეგ, "ლიტერას" პრემია კიდევ ერთმა მწერალმა მათე სარალიშვილმა დატოვა
ტორესა მოსის შემდეგ, "ლიტერას" პრემია კიდევ ერთმა მწერალმა მათე სარალიშვილმა დატოვა

A+ A-

16:57 27/07/2021

მწერალი მათე სარალიშვილი "ლიტერას" პრემიიდან საკუთარ წიგნს ხსნის.  

მწერლის განმარტებით, ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულრწფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

"გუშინ გზაში გავიგე "ლიტერას" კონკურსის შესახებ. აქამდე პოსტი არ დამიწერია. გამომცემლობასთან შეთანხმების შემდეგ ჩემს აზრს ვაჟღერებ. მე დებიუტანტი მწერალი ვარ. კონკურსები და მსგავსი გამოწვევები ჩემთვის და ჩემი წიგნისთვის უცხო ხილია. ახლა ყოველი ნაბიჯი ძვირფასია და ფასეული.

ლიტერატურული კონკურსის, "საბას" შემთხვევაში ჩემი სადებიუტო რომანი, რატომღაც, ერთგზის და ორგზის ლაურეატთა გვერდით, წლის საუკეთესო რომანის სახელისთვის მოასპარეზე აღმოჩნდა და ამჯერად "ლიტერაში" სადებიუტო რომანებთან ერთად ნომინირებაზე უკეთეს შესაძლებლობად არაფერი მესახებოდა, მაგრამ ასე არ გამოვა. ვისაც "მივიწყებულნი" წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს.

"მივიწყებულნი" 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ.

ამაზე ფიქრისას Toresa-ს პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულრწფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათკ ვერ მიიღებს.

"ეძღვნება ყველას, ვინც უსამართლოდ დასაჯეს, სხვისი ტვირთი აჰკიდეს ზურგზე.

ეძღვნება ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მათ მომავალ თაობებს.

ასევე იმათ, ვისაც ოცდამეერთე საუკუნის ყოველდღიური აყალმაყალი აწუხებს და მით უმეტეს მათ,

ვისაც არაფერი აწუხებს ამ ქვეყანაზე".

სიიდან ჩემს რომანს ვშლი",- წერს მათე სარალიშვილი.

"ლიტერადან" ნაწარმოები გუშინ მწერალმა ტორესა მოსიმაც მოხსნა და განაცხადა, რომ  კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს იქამდე ამბობს, სანამ მინისტრი თეა წულუკიანია.