"საღი აზრი თუ აღარ აქვთ, ამ ყველაფერზე უარს იტყვიან და ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებენ"
"საღი აზრი თუ აღარ აქვთ, ამ ყველაფერზე უარს იტყვიან და ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებენ"

A+ A-

23:39 04/03/2021

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი, მიუხედავად პარტიებს შორის განსხვავებებისა, გაერთიანებულია ერთი მიზნით: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

"ოპოზიცია ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი, პირიქით ძალიან განსხვავებულია. ყველა პარტიას თავისი განსხვავებები აქვს, მათ შორის ხედვებშიც, მართვის სტილშიც და ა.შ. მაგრამ ის განსხვავება, რომ ვიღაცას რევოლუცია უნდა და ვიღაცას არ უნდა, ეს არის ბოდვა და არასწორი. ჩვენ ახლა ყველას გვინდა ერთი რამ: ვადამდელი არჩვენები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ვისაც ეს არ უნდოდა გამოჩნდა, შევიდა პარლამენტში, ისე რომ ამ მოლაპარაკებებში არც მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, კიდევ უფრო გამწვავდება.

"მე ყოველთვის მაქვს იმედი საღი აზრის. ახლა საღი აზრი გვკარნახობს ყველას, რომ მაშინ როდესაც ასეთი ჩარევაა ევროპული საბჭოდან და ევროკავშირიდან, ასეთი ჩარევაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როდესაც ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, ყველა ფრონტზე ჩავარდნაა, პრემიერ-მინისტრიც გადადგა, ამ ყველაფრის ფონზე განმუხტვის ყველაზე ლოგიკური საშუალებაა ის ექვსი პუნქტი, რომელიც იქნა შემოთავაზებული მიშელის მიერ. საღი აზრი თუ აღარ აქვთ, ამ ყველაფერზე უარს იტყვიან და ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებენ. ვცდილობ ხოლმე მათ ადგილზე წარმოვიდგინო თავი. აი, ამაზე უარის თქმის შემთხვევაში თვითონ რას იღებენ უკეთესს? - ეს არ მესმის. მემგონი ძალიან ნათელია, რომ ეს პრობლემები თავისით არ გაუჩინარდება. შიგნითაც უფრო დაიძაბება სიტუაცია და ქვეყნის გარეთაც, მათი ურთიერთობები უფრო გაუარესდება ჩვენს პარტნიორებთან. მგონია, რომ საღი აზრის ფარგლებში უნდა გადმოდგან ნაბიჯები. ეს რომ ყოფილიყო ნორმალური არჩევნები, სადაც არ იქნებოდა ასეთი მასიური გაყალბება, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მარცხს მივიღებდით, როგორც 2016 წელს მივიღეთ. მაშინაც არ მიუღია 50%-ზე მეტი "ქართულ ოცნებას", მაგრამ სისტემაც ისეთი იყო და ასეთი დარღვევებიც არ იყო. აქედან გამომდინარე, მაშინ ეს შედეგი მივიღეთ. შეიძლება 52:48%-ზე იყოს, მაგრამ თუ ის წესები არის მისაღები და ის დარღვევები არ არის, მაშინ იღებს ამას დამარცხებული და ცდილობს, მომდევნო არჩევნებისთვის მოემზადოს. აქ ეგრე არ იყო. ამ არჩევნებში იმ გაყალბებულმა პროცენტებმა გადაწყვიტა ბედი, ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში", -განაცხადა სერგი კაპანაძემ.