"მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა"
"მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა"

A+ A-

19:07 03/03/2021

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, არ ეთანხმება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს, შესაბამისად, დასკვნაც არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

"რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში.

მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, ამიტომ არაერთია მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა საბოლოო, შემაჯამებელი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის - ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.