ბაზრები მარტს მძლავრი პერფომანსით იწყებენ
ბაზრები მარტს მძლავრი პერფომანსით იწყებენ

A+ A-

16:01 02/03/2021

ორშაბათი, 2021 წლის 01 მარტი
1.    აშშ-ს ბაზრებმა მარტი ძლიერად დაიწყო
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    აშშ-ს მომდევნო სტიმულირების პაკეტი სენატს გადაეგზავნა
4.    S&P 500 - ის პროგნოზირებული მოგება 5%-ით გაიზარდა

ბაზრები მარტს მძლავრი პერფომანსით იწყებენ


აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა მარტის თვე შთამბეჭდავად გახსნეს, ვინაიდან აშშ-ის 10-წლიანმა სახაზინო ობლიგაციებმა იკლო, ვაქცინაციის დადებითმა სიახლეებმა კი ინვესტორები უფრო მეტად წაახალისა. S&P 500-მა 2%-იანი ,,ნახტომი’’ გააკეთა, რაც ივნისის შემდეგ არ მომხდარა. Nasdaq-მა 3%-ით იმატა და წინა კვირაში განცდილი ზარალი გააუვნებელყო, ხოლო Dow Industrials Boeing-ის აქციების მეშვეობით ასევე 2%-ით გაიზარდა.

გასულ კვირას აშშ-ის გრძელვადიანმა სახაზინო შემოსავლებმა კაპიტალის ბაზრებს საგრძნობლად დაატყო ხელი, მიუხედავად ცენტრალური ბანკის დაპირებისა ეკონომიკის ,,გადახურებისგან’’ დაცვის შესახებ. Johnson & Johnson-ის ახალი ერთჯერადი ვაქცინის ბაზარზე შემოსვლა ეკონომიკის აღდგენის ტემპს კიდევ უფრო ზრდის. საბოლოოდ, შაბათ-კვირის განმავლობაში ხაზინის შემოსავალი მაინც შემცირდა, რადგან ზოგიერთმა ინვესტორმა გარკვეული ხნით ობლიგაციებზე დარჩენა გადაწყვიტა.

თებერვალში ფინანსური და ენერგეტიკული სექტორების აქციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი მოგებები ნახეს, რადგან ეკონომიკური აღორძინების პირობებში ვაჭრობა გაცხოველდა. ტექნოლოგიური აქციები ამ მხრივ შედარებით დაიჩრდილა, რაც სხვა სექტორებში ინვესტორთა გადადინებას მოჰყვა, S&P 500-მა კი მაქსიმალური პოზიციები დათმო. LPL Financial-ის მიხედვით, მარტი, ძირითადად, ამერიკული კაპიტალისთვის პოზიტიური თვეა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი ხანდახან გამონაკლისს წარმოადგენს. მეორე მხრივ, წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული $1,9-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სენატის მიერ დამტკიცებასღა ელოდება, კარგი მოგების პერსპექტივებს აჩენს.


გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    თებერვალში ჩინეთის წარმოების გაფართოების ტემპი შენელდა. Caixin China General Manufacturing-ის მსყიდველობითი მენეჯერის ინდექსი (PMI) იანვრის 51,5-ის ნიშნულიდან 50,9-მდე შემცირდა. იგი პოზიტიურ ზონაში ზედიზედ 10 თვეა, რაც იმყოფება, თუმცა მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ევროზონისა (57,9) და გაერთიანებული სამეფოს (55,1) საბოლოო წარმოების PMI-მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 3 წლისა და 2 თვის მაქსიმუმებს უწია.
●    Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა წარმოშობით შოტლანდიელმა, 53 წლის ჯეინ ფრეიზერმა დაიკავა. იგი ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის უმსხვილეს ბანკს სათავეში ჩაუდგა. ფრეიზერი ხელმძღვანელობას გაუწევს რეორგანიზაციას, რომელიც ოქტომბერში აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა მოითხოვეს. იგი წარსულში Goldman Sachs-სა და McKinsey-ში მუშაობდა, ბოლოს კი Citi-ს გლობალური სამომხმარებლო საბანკო განყოფილების აღმასრულებელ დირექტორად გვევლინებოდა.
●    ამერიკული მედია იუწყება, რომ Goldman-ის ორი უფროსი მენეჯერი Walmart-ს შეუერთდება, რათა თავიანთი ახალი ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპი წარმართონ. ომერ ისმაილი, Goldman-ის პარტნიორი და Marcus-ის სამომხმარებლო განყოფილების ხელმძღვანელი, თანამდებობას მის ერთ-ერთ მთავარ ლეიტენანტ დევიდ სტარკთან ერთად ტოვებს. საცალო გაყიდვების კომპანია Walmart-მა იანვარში განაცხადა, რომ ფინანსურ-ტექნოლოგიურ საინვესტიციო ფირმა Ribbit Capital-ს პარტნიორობას გაუწევდა, რომლის ამოცანაც ,,მომდევნო თაობის ციფრული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას მოიცავდა’’.
●    51 წლის წინ დაარსებულმა ჰონგკონგურმა Hang Seng ინდექსმა მკვეთრი ცვლილებები დააანონსა, რომლებიც მაისიდან განხორციელდება. 2022 წლის შუა რიცხვებისთვის საკვანძო ინდექსის შემადგენელ კომპანიათა რიცხვი 52-დან 80-მდე გაიზრდება, აქციების წონა კი 8%-ით შემოიფარგლება.
●    Alphabet-ის შეფი სუნდარ პიჩაი ,,100 ზე-ანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორის" ყოველწლიურ რეიტინგს მეშვიდედ ლიდერობს. არაკომერციული ორგანიზაციის, As You Sow-ს ანგარიში აღმასრულებელ დირექტორებს ,,ჭარბი ანაზღაურების", (გამოითვლება აქციონერთა მთლიანი მოგების მეშვეობით) აქციონერთა ხმებისა და დირექტორი/მუშაკის ანაზღაურების თანაფარდობის მიხედვით აღრიცხავს. მეორე და მესამე ადგილი Discovery-ისა და CVS Health-ის ხელმძღვანელებმა, დევიდ ზასლავმა და ლარი მერლომ გაინაწილეს.
●    Netflix-ის კინოპროდუქცია გუშინ ჩატარებულ ოქროს გლობუსის ცერემონიალზე დომინირებდა. იგი 10 ჯილდოს დაეუფლა ისეთ სერიალებსა და ფილმებში, როგორებიც იყო ,,The Crown’’, ,,The Queen's Gambit’’, ,,The Trial of Chicago 7’’, ,,I Care A Lot’’ და ,,Ma Rainey's Black Bottom’’. იმავდროულად, Disney-მ ხუთი პრიზი მოიგო, მათ შორის, საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში, რომელიც Hulu-ზე წარმოდგენილ ,,Nomadland’’-ს შეხვდა. Amazon Studios-მა სამი ოქროს გლობუსი დაიბევა, Apple TV+-მა კი თავისთვის პირველი ჯილდო აიღო.

Beware the Ides of March

ვუფრთხილდეთ მარტის იდებს

მსოფლიო ლოქდაუნის დაწყებიდან 1 წლის თავზე, ინვესტორებს ძირითადად სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა აღელვება. Goldman Sachs-მა პარასკევს ობლიგაციების შესაძლო მკვეთრ ცვლილებაზე ისაუბრა. ,,კერძო კაპიტალის აქციათა მოგება თვეში საშუალოდ -1% იყო, როდესაც ნომინალური სარგებელი ორზე მეტი სტანდარტული გადახრით გაიზარდა. როცა ბონდების რეალურმა სარგებელმა ამ ზომით მოიმატა, მაშინ მან -5%-ს მიაღწია. დღეს, ორი სტანდარტული გადახრის ყოველთვიური ზრდა 10-წლიანი სახაზინო ნომინალური შემოსავლის მიხედვით 0,4%-ს, რეალური შემოსავლის მიხედვით კი 0,3%-ს უტოლდება. ამ კვირაში კი ნამატი ორივე ნიშნულს გადასცდა’’.

Stock Trader's Almanac-ის თანახმად, აშშ-ის ბაზრებზე არჩევნების შემდგომ მარტის თვეში საშუალო მოგება მცირდება ხოლმე. 1950 წლიდან პოსტ-საარჩევნო მარტი DJIA-ის, S&P 500-ის, Russell 1000-ისა და Russell 2000-ისთვის მე-5, ხოლო NASDAQ-ისთვის მე-4 ყველაზე ცუდი თვეა. S&P 500-ის ინდექსი არჩევნების შემდგომი ბოლო 17 წლიდან 9-ში დაეცა.

მარტში ახლოვდება:
აშშ-ის სტიმულირების პაკეტი
ბაიდენის $1,9 ტრლნ-ად შეფასებული პროგრამა კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში შაბათს მიიღეს და სენატში გადააგზავნეს, სადაც ფედერალური მინიმალური ხელფასის მომატების შესახებ დებულების დატოვების შანსი თითქმის გამორიცხულია. კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს 14 მარტამდე მოაწერს, სანამ მთავარი პანდემიური პროგრამები, მაგ. უმუშევრობის გაზრდილი შეღავათები, ამოიწურება.

Associated Press-ის ცნობით, ამ თვეში თეთრი სახლისგან ინფრასტრუქტურის ხარჯვის ახალი პაკეტის შეთავაზებაა მოსალოდნელი. ჯინა მაკარტიმ, კლიმატის ეროვნულ საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, განაცხადა, რომ გეგმა ითვალისწინებს ეკოლოგიურ და სხვა ინიციატივებს, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს, მოცულობა კი ჯერ არ არის განსაზღვრული.

J&J ვაქცინის საგა
Johnson and Johnson-მა 66%-ით ეფექტური, ერთჯერადი კოვიდ-ვაქცინა წარმოებაში ჩაუშვა მას შემდეგ, რაც FDA-სგან (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) მიერ საგანგებო წესით მოხმარებაზე ნებართვა მიიღო. მძიმე დაავადების შემთხვევაში, ვაქცინის ეფექტურობა 85%-მდე აღწევს. კომპანია არაკომერციულ საფუძველზე ამ თვეში 20 მილიონი დოზის, 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კი 100 მილიონი დოზის გაცემას გეგმავს.

CDC-ის მიხედვით, ამ დროისთვის 75,2 მილიონი ვაქცინის დოზაა ადმინისტრირებული, სრულად კი პლანეტის მოსახლეობის 7,5%, ანუ 24,7 მილიონი ადამიანი არის აცრილი (კატეგორია, რომელმაც Pfizer-ის ან Moderna-ს ორი დოზა მიიღო). J & J-ის ვაქცინა სიჩქარისა და ლოჯისტიკის მხრივ თამაშში ცვლილებებს შემოიტანს, ვინაიდან დანარჩენი ორისგან განსხვავებით, იგი ინფექციისგან დაცვას მხოლოდ ერთი დოზით უზრუნველყოფს, მისი შენახვა კი თვეების განმავლობაში ჩვეულებრივ მაცივრულ ტემპერატურაზეც (2-8°C-ის ფარგლებში) არის შესაძლებელი. Good Judgement Project-ის პროგნოზით, 96%-ია არის შანსი, რომ 200 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის საკმარისი დოზები 1 აპრილიდან 30 ივნისამდე გადანაწილდეს. შეგახსენებთ, თებერვალში ამის ალბათობა 50%-ს აღწევდა.

5%
FactSet-ის მიხედვით, ამდენით გაზარდეს ანალიტიკოსებმა S&P 500-ის ინდექსის მოგების პროგნოზი ამა წლის იანვარსა და თებერვალში: $37,61-დან $39,50-მდე. ეს არის EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) მეორე ყველაზე დიდი ნავარაუდევი ნამატი კვარტლის პირველი 2 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სტატისტიკის აღრიცხვა 2002 წლის II კვარტლიდან დაიწყო. აქამდე ამაზე მკვეთრი ზრდა 2018 წლის 1-ლ მონაკვეთში დაფიქსირებულა (5,7%).

რეალურად, ანალიტიკოსები, როგორც წესი, კვარტლის პირველი 2 თვის განმავლობაში მოგების პროგნოზს ამცირებენ. გასული 20 კვარტლის (5 წლის) მანძილზე ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ინდექსის მოგება და ინდექსის ღირებულება ამ პერიოდში ერთდროულად გაიზარდა.

ეს 2020 წლის შემდგომ ხანაში ოპტიმიზმის დრამატულ ზრდას ცხადყოფს. სექტორის დონეზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში 7 სექტორის EPS-მა აიწია, რომელთა სათავეში ენერგეტიკა (+ 86%) და ფინანსები (+ 11%) დგას. ოთხ სექტორში კლება დაფიქსირდა, რომელსაც მრეწველობის სფერომ (-14%) ულიდერა.